გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას და მას სოლიდარობა გამოუცხადა.

მან TAVairports-ს ჰკითხა, არის თუ არა თბილისის აეროპორტი უსაფრთხო. ამავე პოსტზე გერმანიის ელჩმა მონიშნა ამ სფეროში მომუშავე სხვა კომპანიები, მათ შორის ლუფტ ჰანსა, რომელიც აეროპორტში რეისებს ასრულებს.

“სოლიდარობას ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში ორჯერ დაესხნენ მგზავრებს თავს მოფრენის დარბაზში. ეს ადგილი უსაფრთხოა? გექნებათ რეაგირება?”, – წერს ფიშერი.

დღეს სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში ტიტუშკები დაახვედრეს, რომლებმაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს კვერცხები ესროლეს.

იგივე მოხდა გუშინ, გამთენიისას, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული ტიტუშკები დაახვედრეს და კვერცხები ესროლეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო შემდგომში “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა გაავრცელეს.