სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული არქიმანდრიტი ნიკოლოზ (ერისკაცობაში ვლადიმერ) გეწაძე ა(ა)იპ ზარზმის აკადემიის დირექტორი აღარ იქნება.
ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა, „ნეტგაზეთს“ ზარზმის ბავშვთა აკადემიაში დაუდასტურეს. აკადემიაში ამბობენ, რომ არქიმანდრიტი რამდენიმე კვირაა, რაც აღარაა დირექტორი, თუმცა მიზეზების შესახებ არ საუბრობენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, არქიმანდრიტმა ააიპ–ის ხელმძღვანელობაზე უარი თავად თქვა.
„მან ამ ეტაპზე არჩია, რომ აღარ იყოს ხელმძღვანელი. ეს სკოლა ჯერჯერობით არც ფუნქციონირებს. ვიწყებდით ძალიან დიდ საქმეს, ამ ეტაპზე შეჩერებულია მისი ფუნქციონირება და ნიკოლოზი არ არის ხელმძღვანელი“, — უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ ირაკლი ლაზარაშვილმა.
ააიპ-ის ახალ დირექტორად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, შალვა ხატიძე დაინიშნა.
არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე გასული წლის დეკემბერში დაინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ-ის, „სკოლისგარეშე სახელოვნებო – საგანმანათლებლო დაწესებულება — წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის აკადემია — ზარზმის“ დირექტორად. თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 6 თებერვალს „სამხრეთის კარიბჭემ“ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული სასულიერო პირის დირექტორად დანიშვნის შესახებ დაწერა, 7 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრს დირექტორის ცვლილების მოთხოვნით მიმართა.
ნიკოლოზ გეწაძეს საპატრიარქოს ზნეობის კომისიამ მღვდელმოქმედება შეუჩერა მას შემდეგ, რაც სამმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. არქიმანდრიტმა აღნიშნული ბრალდება უარყო.