ანტიაზერბაიჯანული განცხადებების გამო, ბაქომ ნიკოლაი ვალუევს, რუსეთის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
როგორც განცხადებაში წერია, აზერბაიჯანისთვის მიუღებელია “აზერბაიჯანისა და მისი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი გამონათქვამები. შესაბამისად, როგორც უწყებაში აცხადებენ, ვალუევი დაემატა იმ პირთა სიას, ვისაც აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალა.
აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის დუმის ცალკეული წევრები აზერბაიჯანის “არასასურველ პირთა” სიაში ხვდებიან – იქამდე ამ სიას დაემატა კონსტანტინ ზატულინი და ვიტალი მილონოვი, რომლებიც ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აკეთებდნენ განცხადებებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვალუევმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში “რუსული საინფორმაციო – კულტურის ცენტრი – “რუსული სახლი” დაიხურა.