ახალი ამბები

„ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

10 თებერვალი, 2025 •
„ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.

„ნეიტრალური საქართველო“ არის „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობა (დაანონსებული აქვს პარტიად გადაკეთება), რომელიც ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ნეიტრალიტეტს ემხრობა.

პროკურატურის თანახმად, საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა „ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციული ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ და უცხოეთის მხარდაჭერილ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია, თუმცა არცერთი მათგანი არ დასრულებულა ხელშესახები შედეგით.

მასალების გადაბეჭდვის წესი