ახალი ამბები

„დინამო“კორტების შენარჩუნებას ითხოვს

1 ნოემბერი, 2010 • 2022
„დინამო“კორტების შენარჩუნებას ითხოვს

დღეს თბილისში შპს საჩოგბურთო კლუბ დინამოს კორტებზე კლუბის ადმინისტრაციამ ჟურნალისტები მიიწვია და კორტების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. კლუბის ადმინისტრაციის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მათ 25 ოქტომბერს ტერიტორიის დაცლა 1 ნოემბრისთვის მოთხოვა. 

„25 ოქტომბერს კლუბში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი იყო მოსული. მოიტანა საჯარო რეესტრის ამონაწერი და გვამცნო, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის სამინისტროს და აქ უნდა დაიწყოს მშენებლობები. ეს კორტები უნდა დაინგრეს და ერთ კვირაში უნდა დავცალოთ აქაურობა.  მე ვუთხარი, რომ ამის გაკეთება ასე უცებ არ შეიძლება. თუ ვაუქმებთ, მაშინ ჯერ სალიკვიდაციო კომისია უნდა შეიქმნას“, – განუცხადა ნეტგაზეთს შპს საჩოგბურთო კლუბ დინამოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლარისა ნიჟარაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თორმეტი საზაფხულო კორტია განთავსებული. იქვე არის ორი დახურული დარბაზი, სადაც მწვრთნელები მოსწავლეებს ზამთარში ავარჯიშებენ.

ლარისა ნიჟარაძე ამბობს, რომ ისინი ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას მოუმზადებელი შეხვდნენ, რადგან უკვე ნოემბრიდან ვარჯიშებმა ამ დახურულ დარბაზებში უნდა გადაინაცვლოს. მისი დანგრევის შემთხვევაში კი, ამას ვერ შეძლებენ და მწვრთნელების და მოსწავლეების განაწილება გაუჭირდებათ, რადგან თბილისში ჩოგბურთის დახურული კორტები ძალიან მცირე რაოდენობითაა.

ამჟამად შპს საჩოგბურთო კლუბ დინამოს  ბაზაზე 20-მდე ადამიანი მუშაობს, მათ შორის არიან მწვრთნელებიც. საჩოგბურთო სკოლაში კი 120-მდე ბავშვი სწავლობს. 

ერთ-ერთი მოსწავლის მამა, ზურა ჩიქოვანი ამბობს:  „ვითხოვთ, რომ ეს კორტები შეუნარჩუნდეს ბავშვებს და არ დავუნგრიოთ.  ჩვენ არანაირ ალტერნატივას არ გვთავაზობენ. გარდა ამისა, ეს არის საქართველოში პირველი  უძველესი კორტი, რომელიც გასული საუკუნის 30-ან წლებში დაარსდა. საქართველოში ევროპის სტანდარტების კორტის მოწყობა თუ უნდათ, აქ გააკეთონ.  იმის ნაცვლად, რომ აქაურობა აღორძინდეს და ვინმემ ამას ხელი მოკიდოს, ანგრევენ.  თბილისში სხვა პატარ-პატარა კორტები არის, მაგრამ იქ საერთაშორისო ტურნირებს ვერ ჩაატარებ.  აქ კი საკმარისი ტერიტორიაა. თუ რამე მშენებლობაა სააჭირო, ააშენონ, მაგრამ ნაწილი მაინც დაუტოვონ ბავშვებს.“

სამოყვარულო ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მირიან ანდრიაძის თქმით, ისინი კორტების ტერიტორიის დაცლისთვის მიცემულ ვადას და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.   

„ჩვენი მიზანია, რომ გავიგოთ, აქ რისი აშენებაა დაგეგმილი და იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი, რომ სახელმწიფოსა და ხალხის ნება, ჩვენი სურვილები როგორმე ერთმანეთს შეუთავსდეს.  ჭორის დონეზე ვიცით, რომ აქ იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის შენობები უნდა აშენდეს“-ამბობს მირიან ანდრიაძე.  

Image 2522
Image 2522

ჟურნალისტებთან დანიშნულ შეხვედრაზე ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილიც მოვიდა. ის გაესაუბრა მწვრთნელებს, კლუბის ადმინისტრაციას და მათ მოქმედების გეგმა შესთავაზა. მან ჩოგბურთელებს შესაბამის ოფიციალურ უწყებებში წერილების გაგზავნა და ჩოგბურთის ფედერაციის სხდომის მოწვევა ურჩია, სადაც ამ საკითხს განიხილავდნენ.

საქართველოს ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ გოგლიძემ ეროსი კიწმარიშვილს უთხრა, რომ ამ ეტაპზე ფედერაციის სხდომის მოწვევას პრეზდიუმის 13 წევრის ხელმოწერა მაინც სჭირდება, რაც შეუძლებელია. მისი თქმით,  პრეზდიუმის ყველა წევრი ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის, ლეილა მესხის დაქვემდებარებაშია.

ვეტერანმა ჩოგბურთელებმა, ასევე, თქვეს,  რომ მათ უკვე მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრისთვის გასაგზავნი წერილები.

დღის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთს ოფიციალური განცხადება მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების ტერიტორია საჩოგბურთო კლუბის წარმომადგენლებმა გაასხვისეს რამდენიმე წლის წინ. 
ტერიტორია იყიდა კერძო კომპანიამ კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი
აღსანიშნავია, რომ  საჩოგბურთო კლუბმა მყიდველს, ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა, არანაირი ვალდებულების შესრულება არ მოთხოვა.

წელს კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა ეს ნაკვეთი სახელმწიფოს მიყიდა. შესაბამისად, სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არა აქვს საჩოგბურთო კლუბ დინამოს წინაშე. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაუკავშირდება ჩოგბურთის ფედერაციას, რათა აღნიშნული კლუბის ტერიტორიიდან გასვლის პროცესი სინქრონულად და უმტკივნეულოდ მოხდეს, აღნიშნული ტერიტორიის მომავალი ათვისების პროექტი კი თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით შემუშავდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი