ახალი ამბები

ანა დოლიძის თქმით, მზია ამაღლობელის საქმეში ჩართვის თხოვნით ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს მიმართა

28 იანვარი, 2025 •
ანა დოლიძის თქმით, მზია ამაღლობელის საქმეში ჩართვის თხოვნით ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს მიმართა

პარტიის “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ჩართვის მოთხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) მიმართა. უფრო კონკრეტულად, დოლიძე ამბობს, რომ მისწერა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი ევროპის განყოფილების დირექტორი, არის ცნობილი ექიმი ჰანს კლუგე და მე დღეს მივმართე, რომ ის სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. მას აქვს საშუალება, რომ შევიდეს, მოინახულოს მზია ამაღლობელი. გაეროს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია. ელემენტარული ჩარევაა, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება.

მზია ამაღლობელის სიცოცხლე რამე პოლიტიკური აქტი ან ხუმრობა არ არის. მართლაც საგანგაშო ვითარებაა. მსოფლიოში ცნობილია, მათ შორის, ბრიტანეთში, რომ შიმშილობისას ადამიანი დაიღუპა და არ შეიძლება, რომ  იმით, რომ ინფორმაცია არ ვიცით და იმით, რომ ვითომ მაგარი ბიჭების როლს თამაშობს ვიღაცა, ამ ადამიანის სიცოცხლე შევწიროთ. ამიტომ, ყველა ზომა უნდა მივიღოთ. გაერო არის ის, რომელსაც დღეს აქვს ბერკეტები, სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს ამ ვითარებაში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს.

დღეს, 28 იანვარს, 15:00 საათზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები უწყებისგან მოითხოვენ, მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნონ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი არაადამიანური მოპყრობის გამო.

ამ საქმეზე გამოძიება უწყებამ 22 ნოემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც ცდილობდა და დაკავებულს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ისიც, ირაკლი დგებუაძე როგორ ემუქრება და აგინებს მზია ამაღლობელს დაკავების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი