ახალი ამბები

მედიის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

24 იანვარი, 2025 •
მედიის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი (MDIF) ნეტგაზეთისა და “ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.

ისინი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება არის სადამსჯელო პასუხი მის საქმიანობაზე და ხელისუფლების ძალისხმევა დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად.

“ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ ქართული დამოუკიდებელი მედიების, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებით, რომელიც მას შემდეგ, 12 იანვრიდან შიმშილობს – მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”.

გარდა ამისა, MDIF ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიონ მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები და იყო თუ არა ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში წინასწარი პატიმრობა ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულია და არა ლეგიტიმურ პრევენციულ ღონისძიებებს, არამედ ბრალდებულზე გავლენის მოხდენასა და მთლიანად საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად. ამ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ბრალდების მხარის დაუსაბუთებელ სარჩელს, რომ ქალბატონი ამაღლობელის მიმალვის ან ახალი სამართალდარღვევის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საშიშროება არსებობდა. სასამართლომ უგულებელყო წესი, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დადგეს და თავიდან სხვა პრევენციული ღონისძიებები უნდა განიხილონ.

ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, რომ წინასწარი პატიმრობა არ არის გამართლებული და სილა არ არის საკმარისი “თავდასხმის” ბრალდებისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, გამოიძიონ მისი დაკავების გარემოებები და გამოიძიონ, იყო თუ არა ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი