სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერს მიჰალ შიმეცკას აქვს მცდელობა, რომ ფიცოს მთავრობის გადაყენების პროცესი წამოიწყოს ბრალდებით, რომ პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ნიადაგს ამზადებს სლოვაკეთისთვის ევროკავშირის დასატოვებლად.
ოპოზიციის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან პარლამენტში წარმოდგენილი უმრავლესობა ფიცოს ზურგს უმაგრებს. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
ფიცო რუსეთთან კავშირებზე უარს არ ამბობს, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე. მან უკრაინისთვის ოფიციალური სამხედრო დახმარებაც შეაჩერა, აკრიტიკებდა სანქციებს რუსეთის მიმართ და გაამწვავა უკრაინასთან უთანხმოებაც მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება შეწყდა.
ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი უნდა მოემზადოს „ყველა შესაძლო კრიზისისთვის“, რაც ევროკავშირს ემუქრება უახლოეს მომავალში და არც ის გამორიცხა, რომ ევროკავშირის ერთობა საერთოდაც დაიშალოს.
„სწორედ ამის შესახებ გაფრთხილებდით და მის სიტყვებს სხვანაირად ვერ გავიგებთ: ფიცოს მთავრობა ამზადებს ნიადაგს, რომ სლოვაკეთმა დატოვოს ევროკავშირი. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე, რის წინაშეც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესები და არაა საჭირო მეტი არაფერი საიმისოდ, რომ უნდობლობა გამოვაცხადოთ“, — თქვა პარლამენტში შიმეცკამ, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერია.
ფიცომ პარლამენტს განუცხადა, რომ საგარეო პოლიტიკას ნატო და ევროკავშირის წევრობა განსაზღვრავს, მაგრამ სლოვაკეთი ვერ იქნება „სტატიკურ“ როლში, როცა სამყაროში დინამიკა ასე სწრაფად ვითარდება.
„რა მოხდება, თუ 3-4 დიდი ქვეყანა გამოვა და იტყვის, ბატონებო და ქალბატონებო, ან იქნება ზესახელმწიფო, სადაც თქვენ მთლიანად დაკარგავთ თქვენს ეროვნულ სუვერენიტეტს, ან თქვენი გზით გაგიმარჯოთ?“ — თქვა ფიცომ და დაამატა, — „ესაა მოვლენების ისეთი განვითარება, რაც ძალიან მალე შეიძლება მოხდეს.“
ფიცო დეკემბერში მოსკოვში პუტინთან შესახვედრადაც იყო ჩასული კერძო ვიზიტით, წინასწარი გაცხადების გარეშე, რომ მასთან გაზით მომარაგებისა და უკრაინის შესახებ ელაპარაკა. ამ ვიზიტის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბრალი დასდო ოპოზიციას, რომ ძალაუფლების მოსახვეჭად პროტესტის აგორებას ცდილობდა, რაც ოპოზიციამ უარყო.
ფიცო ვიზიტით ასევე იმყოფებოდა ჩინეთში, ბრაზილიაში, თურქეთში.
