სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის დროს შეუფერებლად მიიჩნევს.

მისი თქმით, ეს ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს. პირიქით, აღშფოთებას გამოიწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც უწყვეტი აქციებით აპროტესტებენ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და ქვეყნის რუსეთისკენ სვლას.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში იწვევს იმ ადამიანების აღშფოთებას, რომლებიც 40 დღეა თბილისის ქუჩებში დგანან გაყალბებული არჩევნებისა და რუსეთისკენ სვლის გასაპროტესტებლად. ასეთ შეუფერებელ დროს ვიზიტი არ დაეხმარება კრიზისის განმუხტვას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია”, – წერს მე-5 პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

ზურაბიშვილმა გააზიარა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ამერიკელი პოლიტიკოსი ასამბლეის პრეზიდენტს მოუწოდებს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს “ქართულ ოცნებას”.

“ეს არის საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების საერთო შეშფოთება, ვინც ზრუნავს საქართველოში სტაბილურობაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ეს უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი, რისი ერთადერთი საშუალებაც ახალი არჩევნებია ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად”, – ასე მიმართავს ზურაბიშვილი კაუმას.

უილსონი კაუმას წერს, რომ საქართველოში მის ოფიციალურ ვიზიტს “ივანიშვილის რეჟიმი” საკუთარი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს.

“აქამდეც ვნახეთ, როგორ ყალბად გამოიყენა პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის წერილი არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, რომ თითქოს, ეუთო აღიარებდა არჩევნების შედეგებს. მიუხედავად თქვენი კეთილშობილური მიზნებისა, ვშიშობ, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად არასწორად წარმოაჩენს თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო აღიარების დასტურს“, — წერია კონგრესმენის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.

პია კაუმას ვიზიტი თბილისში 8-10 იანვარს იგეგმება.

ამავე თემაზე: