ახალი ამბები

OSCE PA-ს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია – კოლსი

5 იანვარი, 2025 •
OSCE PA-ს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია – კოლსი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი „კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ ნაბიჯს” უწოდებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.

მისი თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ეს კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა“, – ამბობს კოლსი.

როგორც ის წერს, ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსულ დაპატიმრებებს, დრაკონულ კანონებს და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევას. ასევე, პერიოდს არჩევნების შემდგომ, რომელიც, ევროპარლამენტარის თქმით, ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა დაირღვა ორი ძირითადი პრინციპი – სამართლიანობა და გამჭვირვალეობა.

“ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული სტილის დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით ძალაუფლების განმტკიცების დროს და პერიოდს არჩევნების შემდეგ, რომელიც ზოგადად, თავისუფალი იყო, მაგრამ ლეგიტიმური არჩევნების ორი ძირითადი პრინციპი დაარღვია – არც სამართლიანი იყო და არც – გამჭვირვალე.

ბევრი დელეგაციაა აღშფოთებული და სამართლიანადაც. მსგავსი ვიზიტი რეჟიმს პროპაგანდისტულ ლეგიტიმაციას მისცემს, ხოლო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ძირს გამოუთხრის.

თუ პია კაუმას სურს ჩავიდეს საქართველოში, ეს უნდა ქნას პირადი სტატუსით და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ინსტიტუტის წარმომადგენელმა. ეუთოს გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რომლებიც აბსოლუტურად წინააღმდეგი იქნებოდნენ, რომ მას მსგავსი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილება მიეღო.

სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. ვიქონიოთ იმედი, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, – წერს კოლსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი