„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიიდან გარიცხა თავისი წევრები, რომლებმაც ჩხოროწყუს საკრებულოში „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ ბიუჯეტს დაუჭირეს მხარი.
„ჩვენდა სამწუხაროდ და სრულიად მოულოდნელად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ის საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ინდივიდუალურ რეჟიმში, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი. აღნიშნულის გამო, წესდების შესაბამისი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ „ერთიანობა — ნაციონალურ მოძრაობას”, — ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებდა პარტიებს, „გახარია — საქართველოსთვის“ და „ახალს“, რომლებმაც ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოში მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ შეთავაზებული ბიუჯეტის პროექტს.
ენმ-ის შეფასებით, ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიონებში რეჟიმის შედგენილი ბიუჯეტების მხარდაჭერა კოლაბორაციის ტოლფასია, რაზეც თვალის დახუჭვა „ხალხის ბრძოლის ღალატია“.
„ეს არის ძალიან მძიმე მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. ყველას უნდა ესმოდეს, ერთი ხელით რეჟიმს ებრძოდე, მეორით რეჟიმს აძლიერებდე და ბიუჯეტს უმტკიცებდე იმ ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ჩხოროწყუში ვინც პარტიის საწინააღმდეგოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო, პარტიიდან გაირიცხნენ.
ზუგდიდში „ქოცების“ ბიუჯეტს ხმა მისცეს ფრაქცია „ახლებმა“ და გახარიამ. ამით ქოცებს დაუმტკიცეს ტიტუშკების ბიუჯეტი, რომლის 51% მხოლოდ გაზრდილი ხელფასებია. ველი, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ კოალიცია ახლები და გახარია. სხვანაირად არაგულწრფელია, სხვებს დიდაქტიკურად მოუწოდო გაიფიცონ, საჯარო მოხელეებს მოსთხოვო, სამსახურები დატოვონ და შენ საკუთარი ხელფასის მომატებას „ქოცებთან“ ერთად აძლევდე ხმას“, — წერს ენმ-ის წევრი ანა წითლიძე.
განახლება: მოგვიანებით, პარტიის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა პარტია „ახალის“ 10-მა წევრმა, რომელმაც ზუგდიდის საკრებულოში მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ ბიუჯეტს.