ახალი ამბები

ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადება მოამზადა

20 დეკემბერი, 2024 •
ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადება მოამზადა

ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ვიზა-ფასილიტაციასთან დაკავშირებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ.

ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად.

„დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დავაკისროს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო. ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ არ შეუძლიათ ოპოზიციის ხმის დათრგუნვა ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უშედეგოდ. ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და გადავინაწილეთ დაფინანსება ხელისუფლებიდან ქართველი ხალხისკენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მიმართ სანქციები ასევე დევს მაგიდაზე და ჩვენ გავაგრძელებთ დამატებითი ღონისძიებების განხილვას“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

„სავიზო რეჟიმის გამარტივება, როგორიცაა განაცხადის ხანმოკლე დრო, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა, ასევე აღარ ვრცელდება დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების ქართველ მფლობელებზე. ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნის დროს მოგზაურობისას“, — ნათქვამია ევროკომისიის პრეს-რელიზში.

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო.

გარდა ამისა, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში), „ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს“.

„ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის“, — აცხადებს ევროკომისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი