კოალიციის „ცვლილებებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია უარს ამბობს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.
ხოშტარიას თქმით, შეცდომაა, როდესაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, პროპაგანდისთვის გამოიყენოს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოლიტპატიმრებთან კი არ მიდის.
„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო- ევროსაბჭო არა არის ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!“, — წერს ხოშტარია.
ალენ ბერსესთან შეხვედრაზე უარი თქვა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. ხოშტარიას მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უნდა შეხვედროდა აქციაზე დაკავებულებს, ასევე- სპეცრაზმელების მიერ ნაცემ მოქალაქეებს და ხალხს, რომელიც 22 დღეა უწყვეტად აპროტესტებს “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, რომელიც უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს, დღეს კი დაგეგმილი აქვს შეხვედრები ოპოზიციასთან.