შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათი ცნობით, შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, შს მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს.
„2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იარსებებს. შესაბამისად, გასამხედროებული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროა, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესები მოდიფიცირდეს და პოლიციაში არსებულ პოზიციებზე მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიღების განსხვავებული წესები დადგინდეს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარედგინა, რომელიც პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.