აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა დღეს, 28 ნოემბერს, სხდომაზე მიიღო.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ პროსამთავრობო გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარადგენს საკუთარ თავს მომავალ ვადამდელ არჩევნებზე.
“აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. მე ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ჩემი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მე წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას”, – განაცხადა ბჟანიამ ინტერვიუში.
19 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა.
“ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.
“ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა”, – წერს ტელეგრამ არხი.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.
იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.







