თბილისის მერმა კახა კალაძემ დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვიქტორ წილოსანი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი აღარაა. მას ნინო ბაგაშვილი შეცვლის.
კალაძის თქმით, წილოსანი კერძო სექტორში გადადის, თუმცა გუნდის წევრია და „ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა, თუ ის გადაწყვეტს, დაბრუნდეს დედაქალაქის მერიაში”.
„მინდა, გაგაცნოთ საკადრო ცვლილებები მერიაში, რომელმაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. რაც შეეხება რეალობას, ტრანსპორტისა ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა, ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ევროპული, გამართული და ვიკას როლი იყო მნიშვნელოვანი. მისი საქმიანობა იყო ნაყოფიერი და სასარგებლო თბილისისთვის“, — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ცნობით, თანამდებობა დატოვა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემაც, რომლის პოსტს მარიამ კვერნაძე დაიკავებს.