ახალი ამბები

მედიის დამოუკიდებლობის ”ყველაზე მაღალი სტანდარტი”

26 ოქტომბერი, 2010 • • 1014
მედიის დამოუკიდებლობის ”ყველაზე მაღალი სტანდარტი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე ახალი ინიციატივა წარადგინა, მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობასთან და საჯაროობასთან დაკავშირებით.

დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს დაავალა, ორი კვირის განმავლობაში შესაბამისი კანონპროექტი მოამზადონ.

ორი კვირის შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება და შემდგომ დაიწყება მისი პარლამენტში განხილვა.

“ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას – ვინ არიან საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების მფლობელები და როგორ ხდება ამ საშუალებების დაფინანსება. ეს იქნება საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისკენ კიდევ ერთი, ძალიან სერიოზულად წინ გადადგმული ნაბიჯი”, –დავით ბაქრაძის ციტატას საქართველოს პარლამენტის ვებსაიტი აქვეყნებს.

ბაქრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული სტანდარტი მსოფლიოს  ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა ახალი კანონის მიღების შემდეგ საქართველო მედიის დამოუკიდებლობის  ყველაზე მაღალ და ყველაზე დემოკრატიულ სტანდარტზე გადავა.

დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალ ინიციატივას მხარს დაუჭერენ როგორც ქართული მედიასაშუალებები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ძალები: საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა და ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები.

ბაქრაძის ინიციატივას გამოეხმაურა პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილის პრეს სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა,რომ პარლამენტის  თავმჯდომარის  ინიციტივას მედიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, შეესაბამება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ  2008 წელს გაეროს ტრიბუნიდან  გაკეთებულ განცხადებას საქართველოში დემოკრატიის მეორე ტალღის დაწყების შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი