ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ტელევიზიასთან ცეცხლი გახსნეს – აფხაზური მედია

18 ნოემბერი, 2024 •
სოხუმში ტელევიზიასთან ცეცხლი გახსნეს  – აფხაზური მედია

გასულ ღამეს დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის АГТРК-ს შენობასთან სროლა იყო.

ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, “აფხაზური ტელევიზიის სტუდიის  მიმდებარე ტერიტორიაზე 15 მანქანაში მყოფმა უცნობი პირებისგან შემდგარმა ჯგუფმა თანამშრომლების შიგნით ყოფნისას ჰაერში ცეცხლი გახსნა, რამაც დაძაბული სიტუაცია შექმნა.”

“წინასწარი ინფორმაციით, აქციის მიზანია ტელევიზიის თანამშრომლების დაშინება და რედაქციაზე ზეწოლა, ხოლო თანამშრომლები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მიუხედავად, ცდილობენ გააგრძელონ თავიანთი მოვალეობის შესრულება – ობიექტურად გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე ვითარება”, – წერს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ტელეგრამ არხის, Абхазский Портал-ის ინფორმაციით, “პროსამთავრობო მედია დაჟინებით ცდილობს ხალხის დარწმუნებას, რომ რატომღაც რესტორანთან 15 მანქანაში უცნობი პირები მათ ესროდნენ და ეს სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ტელევიზიაზე.”

“ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც მოხდა, ძალიან მარტივია – აფხაზურ ტელევიზიაზე თავდასხმისგან დამცველებმა  ერთმანეთში იჩხუბეს და ცოტა ისროლეს კიდეც. სოხუმის მცხოვრებთა ნახევარმა ავტომატის სროლის ხმა გაიგო. თუმცა პროსამთავრობო მედიამ, აფხაზეთის ტელევიზიის შენობაში შეიარაღებული ნახევრად კრიმინალების ყოფნისა და სახელმწიფო არხის ოფისში ცეცხლსასროლი იარაღით სეირნობის გასამართლებლად, დაიწყო ისტორიის მოყოლა, რომელიც თითქოს თავადაც დაიჯერეს” ,- წერს ტელეგრამ არხი.

ტელეგრამ არხი  Апсны Хабар წერს, რომ “ასლან ბჟანიას საინფორმაციო ცენტრი ასლან ბჟანიაზე მეტადაც კი იტყუება.”

“საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მსროლელები ჯერ უცნობი პირები იყვნენ 15 მანქანაში, შემდეგ, “სავარაუდოდ, ოპოზიციონერები”, მალე კი  კან კვარჩია, ლევან მიქაა და ადგურ არძინბა აღმოჩნდებიან.

სროლის ყველაზე სავარაუდო წყაროდ ვხედავთ ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ირინა აგრბას და ანი გუნიას. ის, რაც ოდესღაც სახელმწიფო ტელევიზია იყო, ირინა აგრბას სახელობის ტელევიზია გახდა და უკვე მესამე დღეა, აფხაზეთის მოჩვენებითი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პროპაგანდისტულ კონვეიერის რეკლამის გამწევია” ,- წერს ტელეგრამ არხი.

Апсны Хабар წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბჟანიამ “დაკარგა კონტროლი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტზე, საინფორმაციო ცენტრს უწევს ტყუილის, ტყუილისა და ისევ ტყუილის თქმა.”


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.

“აფხაზეთის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რომ პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება.

არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლების შენარჩუნება მსურს. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ სიტუაცია კონსტიტუციურ ჩარჩოში არ მოექცა, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ, ვინც სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ცდილობს, მათ უნდა დატოვონ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მზად ვარ დავნიშნო არჩევნები და გადავდგე. ვიცე-პრეზიდენტი დაიწყებს ქვეყნის მართვას. მე კი მზად ვარ მივიდე არჩევნებზე და შემდგომ უკვე ხალხმა თქვას, ვის დაუჭერენ მხარს. დაე, სიმართლე იყოს ხალხის ნების შედეგი. სხვაზე არაფერზეა საუბარი. გმადლობთ ყურადღებისთვის”, – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ამასთან, იქამდე, 15 ნოემბრის პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა.”პრეზიდენტი, პრემიერი, სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები ადგილზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას. გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. მე ვრჩები აფხაზეთში და ვიმუშავებ, როგორც ადრე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, – თქვა მან. მის გადადგომას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი