აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით სხდომა ჩაიშალა.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ერიკ რშუტინმა შეკრებილ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ დღევანდელი სესია არ შედგა.
“დღის წესრიგს არასაკმარისი ხმა ჰქონდა, 12-მა ადამიანმა მისცა ხმა. შესაბამისად, ასე გამოვიდა. სესიას 21 დეპუტატი ესწრებოდა, დანარჩენები სად არიან, ამის თქმა არ შემიძლია” ,- განაცხადა რშუტინმა.
დე ფაქტო პარლამენტის წინ შეკრებილები ითხოვენ, რომ დეპუტატებმა შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცენ ხმა.
“სანამ წინააღმდეგ არ მისცემთ ხმას, არსად წავალთ” ,- სკანდირებენ ისინი.
ადგილობრივი ტელეგრამ არხის ინფორმაციით, პარლამენტის ჭიშკარი ყველასთვის ღიაა [მათ შორის რუსი ჟურნალისტებისთვის], ადგილობრივი ოპოზიციური ჟურნალისტების გარდა.
“სამხედრო ტექნიკის შეკრება, პოზიციების გამაგრება, 20 დეპუტატის გაუჩინარება, პარლამენტის კედლებთან სამხედრო და სამართალდამცავების შეკრება. არა, ეს არ არის მტრის თავდასხმა, ეს არის ხელისუფლების პასუხი ხალხთან უთანხმოებაზე”,- წერს მოძრაობა “ҲараҲПицунда”.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
“შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. დოკუმენტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგებაზე, წყალმომარაგებაზე, სითბოს მიწოდებაზე, ტრანსპორტზე, სოციალურ და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე”, – განაცხადა რეშეტნიკოვმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტიციები გადამწყვეტ როლს თამშობს აფხაზეთში დე ფაქტო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის პროცესში.
“ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში მაღალი საინვესტიციო აქტივობა შეინიშნება. 4 წლის განმავლობაში ძირითადი კაპიტალის ინვესტიციების მოცულობა 2,5- ზე მეტით გაიზარდა და გადააჭარბა 11 მილიარდ რუბლს. დადებით დინამიკას ადასტურებს საშუალო თვიური ხელფასის ზრდაც, მშპ-ს ზრდა და ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების გაორმაგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ თვისებრივად ახალი მიდგომის დემონსტრირება – ვამცირებთ სახელმწიფო ინვესტიციების დონეს და გავზრდით კერძო ინვესტიციების დონეს. ეს არის ხარისხობრივი ცვლილებები, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი შეთანხმება, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ინვესტიციებზე. ასეთი საინვესტიციო პროექტები ძირეულად შეცვლის რესპუბლიკაში დასაქმების საერთო სურათს”, – ამბობს ოზგანი.
აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს “სავალდებულო რატიფიცირებას სახალხო კრებაში – აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში”.