პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა. მათგან ერთს, ვისაც უშალოდ მკვლელობა ედება ბრალად, 15 წელი მიესაჯა – ის უკვე დაკავებულია. მეორეს კი 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებული თავის მეგობარს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
იმავე ღამეს ბრალდებულები ავტომობილით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, მის გვერდით მჯდომი ბრალდებული კი ავტომანქანიდან გადავიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული მიიმალა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურამ მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარუდგინა. საქალაქო სასამართლომ მკვლელობის ნაწილში არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და დაკავებულს განზრახ მკვლელობა, ძებნილს კი მკვლელობაში დახმარება დაუმტკიცა. პროკურატურა აპირებს, გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივროს და თითოეული მათგანისთვის ბრალის დამძიმება მოითხოვოს.