ახალი ამბები

ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია – ISFED

13 ნოემბერი, 2024 •
ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია – ISFED

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ მთავარ კითხვებს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა.

ISFED-ის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, მის მიერვე წარმოებულ და გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არსებული შეცდომებისა და არაბუნებრივი მაჩვენებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და დეტალურად ახსნას აღნიშნულის მიზეზები.

„ცესკომ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მონაცემებში ცვლილება მხოლოდ 11 საარჩევნო უბნის 150 ამომრჩეველს შეეხო, წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას. ამას ადასტურებს ცესკოს ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებში აუხსნელი ცვლილებები. მაგალითად, 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება, რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით. საერთო ჯამში, კენჭისყრის დღის შემდეგ, ცესკოს მონაცემებში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების რაოდენობის კლება 88 975-ით და ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით. საყურადღებოა, რომ 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ბოლოს მიღებული მონაცემები კი აჩვენებს 43 858 ამომრჩევლის გამოცხადებას. საარჩევნო ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რამ გამოიწვია მსგავსი არალოგიკური ცვლილებები მის მიერ გამოქვეყნებულ და საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, თუკი შეცდომა მხოლოდ 11-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა“, – აცხადებს ISFED.

ISFED-ის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საერთოდ არ გამოხმაურებია იმ საარჩევნო უბნებზე აქტივობის საეჭვო მახასიათებლებს, სადაც კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის განსხვავება არაბუნებრივად მაღალია.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, თუკი ცესკო გამორიცხავს ამგვარი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების შეგროვებისას შეცდომის დაშვებას, ნორმალური განაწილებიდან კაცი ან ქალი ამომრჩევლის აქტივობის გადახრა შესაძლოა, კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ მანიპულაციებზე მიუთითებდეს.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება.

„მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კაცი და ქალი ამომრჩევლების საშუალო წილი 50-50 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე უბნებზე ერთიანი სიიდან ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%-ია. 32 საარჩევნო უბანზე, სადაც ქალი ამომრჩევლის არაბუნებრივად მაღალი აქტივობაა გამოხატული, ერთიან სიაში კაცი ამომრჩევლები საშუალოდ 51%-ით, ხოლო ქალები 49%-ით არიან წარმოდგენილი, თუმცა კაცი ამომრჩევლების აქტივობის საშუალო დონე ამ უბნებზე 48%-ს, ქალების კი 80%-ს უტოლდება.

„სამართლიან არჩევნებს“ ცესკოსგან ჯერ კიდევ არ მიუღია გამოთხოვილი ინფორმაცია საარჩევნო უბნებში სპეციალურ სიებში გენდერული შემადგენლობის შესახებ. თუმცა, როგორც არ უნდა ნაწილდებოდეს სპეციალური სიიდან არჩევნებში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა, ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით, უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ამომრჩეველთა აქტივობის არაბუნებრივი ხასიათი უცვლელი რჩება“, – აცხადებს ISFED.

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მოუწოდებს, სრულყოფილი პასუხები გასცეს მისი მისამართით არსებულ კითხვებს, წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და საზოგადოებას მიაწოდოს დადასტურებულად ზუსტი ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული შემადგენლობის შესახებ საარჩევნო უბნების მიხედვით, რაც მნიშვნელოვანია სტატისტიკური ანალიზის შედეგად გამოვლენილი არაბუნებრივი მაჩვენებლების ასახსნელად.

რას პასუხობს ცესკო ISFED-ს

ცესკო ISFED-ს განცხადებას მანიპულაციას უწოდებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი.

საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ერთის მხრივ ენდობა ცესკოს პირველად მონაცემებს გენდერულ ჭრილში ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე, ხოლო მეორეს მხრივ უნდობლობას უცხადებს ცესკოს მიერ დაფიქსირებულ არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს, თან იმ ფონზე, როდესაც მათივე განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკოს შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგების დღემდე არგასაჯაროების დასაბუთებას „სამართლიანი არჩევნები“ ბუნდოვანი და დამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტებით ცდილობს.

ორგანიზაციისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრების მიერ არჩევნებში მონაწილე ქალი და კაცი ამომრჩევლების დათვლა ხდება არა არჩევნებზე მოსული ქალებისა და კაცების რაოდენობის აღრიცხვით, არამედ მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის მონაცემებით და ასევე, გადასატანი ყუთის ანალოგიური მონაცემებით. ამის შემდეგ, რეგისტრატორები ითვლიან მხოლოდ ქალი ამომრჩევლის რაოდენობას, ხოლო კაცი ამომრჩევლების გამოთვლა ხდება მოსული ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან. შესაბამისად, უზუსტობა პირველ მონაცემში ავტომატურად გამოიწვევს უზუსტობას მეორე მონაცემშიც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს კანონის მოთხოვნას. აღნიშნული მონაცემები მუშავდება მხოლოდ არასაარჩევნო მიზნებისთვის და მას არანაირი კავშირი არჩევნების შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან არ გააჩნია“, – აცხადებს ცესკო.

ცესკო ირწმუნება, რომ მონაცემებში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ მათგან მიიღო, იყო ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც „პასუხისმგებლობიანმა უწყებამ“, თავადვე დაადასტურა.

„კერძოდ, 11 საარჩევნო უბნიდან, არჩევნებში მონაწილე ქალების გადმოგზავნილ რაოდენობაში არსებულმა უზუსტობებმა გამოიწვია ცდომილება ჯამურად 150 ამომრჩევლის სქესის აღრიცხვაში, რაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის აღრიცხვისას უმნიშვნელო მაჩვენებელია. „სამართლიანი არჩევნების“ მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს „მნიშვნელოვან შეუსაბამობად“ მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია. მაშინ, როდესაც 2020-ში მათივე პარალელური დათვლის შედეგების აცდენას რეალურ შედეგებთან, სამართლიანმა არჩევნებმა „უმნიშვნელო უზუსტობა“ უწოდა“, – აცხადებს ცესკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი