ახალი ამბები

როთი: ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008-ში, შორს ვიყავით როგორც მეგობრები და მოკავშირეები

11 ნოემბერი, 2024 •
როთი: ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008-ში, შორს ვიყავით როგორც მეგობრები და მოკავშირეები

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციამ სათანადოდ ვერ შეაფასა „ქართული ოცნების“ ნარატივი ე.წ. გლობალური ომის პარტიის შესახებ.

„აშკარაა, რომ ოპოზიცია აქ აბსოლუტურად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის იმიტომ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გახლავთ რუსეთი. მე სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით თქვენს ქვეყანაში, სადაც ტერიტორიის 20% რუსული ოკუპაციის ქვეშაა“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

გერმანელმა პოლიტიკოსმა ისაუბრა 2008 წელზეც და თქვა, რომ მაშინ ევროპამ თვალი დახუჭა. მისი თქმით, წლების წინ ევროკავშირში რომ მოესმინათ პოლონელებისა და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია უკეთესი იქნებოდა.

„ეს დიდი იმედგაცრუებაა. ევროპაში ჩვენ, გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით როგორც მეგობრები და მოკავშირეები, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, გვესწავლა ჩვენს შეცდომებზე. ამიტომ ცოტა მოთმინებით უნდა მოგვეპყროთ ჩვენ, ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ. გერმანიაში ამას ვეძახით წყალგამყოფ მომენტს. ზოგჯერ ამას სჭირდება დრო.

ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ თქვენი საზოგადოების ეს შეშფოთებები. ომი გახლავთ სრული კატასტროფა და ამაზეც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია გლობალური ომის პარტიის – რუსეთის – წინააღმდეგ. ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით აქ და ყველას მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდებით.

ჩემთვის, როგორც გერმანელისთვის, ძალიან ძნელია ამას ხაზი გავუსვა, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში უფრო ყურადღებით რომ მოგვესმინა ჩვენი მეგობრებისთვის პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია უკეთესი იქნებოდა… უფრო მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიაც შესაძლებელი იქნებოდა. ცოტათი უცნაურია, რომ გერმანელი გიგზავნით ამ გზავნილს თქვენ, რადგან თვითკრიტიკა გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური სანდოობის და თუ გსურთ ნდობის აღდგენა, უნდა გაიაზროთ საკუთარი გადაწყვეტილებები. ყურადღებით უნდა მოუსმინოთ საკუთარ მეგობრებს და მოკავშირეებს”, – განაცხადა როთმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი