საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.
„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.
როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა, ჯამში, 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი“, – აცხადებს პროკურატურა.
23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე 2008 წელს, ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ.
იმავე საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.