- რამინ, თქვენ აქამდე არ გქონდათ საქმის გაცნობის შესაძლებლობა. ახლა მოგცეს ამის უფლება?
25 ნოემბერს მომეცა პირველად საქმის ნახვის შესაძლებლობა, მანამდე საქმის გარეკანიც კი არ მქონდა ნანახი.
- რა წერია საქმეში, გამოძიება არის ჩატარებული, ვინ იძიებდა ამ საქმეს?
გამოძიება ჩატარებულია. მოწმის სახით დაკითხულნი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატიული მუშაკებივ – ზვიად ნურიძე, თემურ მგელაძე, ომარ ჭაღალიძე, ზვიად ზაქარაძე, მამუკა ბერიძე, გიორგი არაბული, გელა გვიანიძე, მირზა კონცელიძე, ლაშა ინაიშვილი. ისინი აღიარებენ როინ შავაძის მკვლელობას, მაგრამ მკვლელობის მიზეზად მოყავთ ის, რომ მირზა კონცელიძეს შავაძემ გასტაცა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და სცადა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. თითქოს ამ დროს მოახდინეს მათ შავაძის ლიკვიდაცია, ანუ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდითო. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები (ნაწილი წარვადგინეთ და ნაწილს კიდევ წარვუდგენთ გამოძიებას), რაც ამ ადამიანების ჩვენებას გააბათილებს. რეალურად, არავითარი აუცილებელი მოგერიება იქ არ ყოფილა, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. 2011 წლის მარტამდე საქმეს იძიებდა დავით ხარძეიშვილი, მერე – ალექსანდრე ფუტკარაძე.
- შავაძის ქვრივი ამბობდა, რომ მისი ქმარი სახლიდან გიორგი ჩიქოვანმა გაიყვანა. ამის შესახებ რა წერია საქმეში?
საქმის მასალების მიხედვით, ჩიქოვანი ნაწილობრივ ადასტურებს ამ ფაქტს. ჩიქოვანის ჩვენების თანახმად, ის ნამდვილად მივიდა როინ
შავაძესთან სახლში, თუმცა მას ის არსად წაუყვანია. ის შავაძეს ესტუმრა, როგორც მეგობარს, მოიკითხა და იქვე დაშორდნენ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა, რომ დაკითხონ ძალოვანი უწყების გარკვეული თანამშრომლები – მათი ჩვენება სრულად გააბათილებს ჩიქოვანის ჩვენებას.
- საქმეში თუ არის ნახსენები სამშობლოს ღალატი?
არსად ფიგურირებს ეს ბრალდება. თუმცა, ჩვენს მიერ წარდგენილი მოწმეები ამბობენ, რომ შავაძის აყვანის ოპერაციის დროს საუბარი იყო ღალატზეც.
- თუ არის საქმეში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდება?
შავაძე იყო ეჭვმიტანილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში, მაგრამ გამოძიებამ ამ მიმართულებით დევნა შეწყვიტა გარდაცვალების გამო. ეს გადაწყვეტილება ჩვენ გავასაჩივრეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში – ვითხოვდით გამოძიების გაგრძელებას, გვინდოდა გარდაცვლილის პატივი და ღირსება არ შელახულიყო შეწყვეტის დროს, ანუ საქმე იმიტომ არ უნდა შეეწყვიტათ, რომ შავაძე გარდაიცვალა და მართლმსაჯულების განხორციელებას აზრი ეკარგებოდა. მაშინ სასამართლომ დაავალა გამოძიების განახლება. ახალი დადგენილება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აქვთ მიღებული. შესაბამისად, გამოძიება ამ
ნაწილშიც განახლდა.
- ვინ იძიებს საქმეს ახლა და რა კითხვებს სვამენ პროკურატურაში?
კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რადგან ამით შეიძლება გამოძიებას, დანაშაულის გახსნას ხელი შეეშალოს. ზოგადად კი, პროკურატურას მტკიცებულებები წარვუდგინეთ… საქმეს ალექსანდრე ფუტკარაძე იძიებს.
- მოწმეები დაკითხეს?
დაკითხვები გრძელდება… დაკითხეს შავაძის ქვრივი, რომელიც ამ ეტაპზე ისევ არ არის დაზარალებულად ცნობილი, მაგრამ ეგ საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. სხვა მოწმეების ვინაობას ვერ დავასახელებ – შეიძლება მათ მიმართ ზეწოლა განხორციელდეს.
- ხომ არ აპირებს გარდაცვლილის ოჯახი ევროსასამართლოდან საქმის უკან გამოთხოვას?
ამ ეტაპზე ჩვენ ამას არ ვაპირებთ, არ გვინდა ხიბლში შევიდეთ. შევხედავთ გამოძიებას და შემდგომ ჩამოვყალიბდებით.
- თქვენ, როგორც ადვოკატს, გაქვთ იმედი, რომ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ?
იმედიანად ვარ. ის მოქმედება, რასაც გამოძიება ახორციელებს, მიდის იქითკენ, რომ დანაშაული გაიხსნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება უახლოეს სამ თვეში.

როინ შავაძე.
___
სერჟანტი როინ შავაძე, წინა ხელისუფლების გამოძიების ცნობით, ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტზე დააკავეს. მისი მოკვლა კი აუცილებელი იმიტომ გახდა, რომ დაკავებულმა თბილისში ეტაპირების დროს გაქცევა სცადა (იმ დღეებში საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალს რუსეთის არმია აკონტროლებდა.აქამდე პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გადაწყვიტეს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის ექსტრადაცია ომის დღეებში თბილისში).
შავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში განცხადება გაკეთებული აქვს გივი თარგამაძეს, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც შავაძეს სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი.
როინ შავაძეს 28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის არეში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შავაძეს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში.







