დღეს, 8 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა აღნიშნეს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო გამოძიება იყო.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ევროკავშირის ჩართვა არჩევნების გამოძიების საკითხში მნიშვნელოვანია, რადგან მათ ჰქონდეთ 100%-ით სანდო ინფორმაცია, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა.
“განხილვის ერთ-ერთი საგანი სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი იყო, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება. სახელმწიფოს, გარდა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა, ყველა მიტაცებული აქვს. ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართვა ამაში, რათა მას ჰქონდეს 100%-იანი სანდოობის ინფორმაცია, რომ დიახ, ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. მიგვაჩნია, რომ სისტემურობისა და მასშტაბის აღსაქმელად, გამოძიებაში საერთაშორისო აქტორები უნდა ჩაერთონ. მე ელჩის ნაცვლად საუბრის უფლებას თავს ვერ მივცემ, თუმცა ერთი რამ ნათელია – ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყანა არ ულოცავს საქართველოს და არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები არიან, მაგალითად, როგორიცაა ვენესუელა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, “ძლიერი საქართველოს” წევრის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ დაირღვა კონსტიტუციური უფლება, რაც ხმის მიცემის ფარულობას გულისხმობს.
“საუბარი იყო ძალიან სასარგებლო და ინფორმატიული. ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, რა მტკიცებულებები გვაქვს, თუ რა ადასტურებს პირდაპირ, რომ ეს საარჩევნო პროცესი “ქართულმა ოცნებამ” მიიტაცა, რა შეიძლება ამ მოცემულ მომენტში ევროკავშირმა ქართველი ხალხისთვის გააკეთოს, ამიტომ ძალიან სასარგებლო საუბარი გვქონდა.
მე ვფიქრობ, რომ უკვე საკმარისი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ პირდაპირ ვთქვათ, არჩევნები არათუ გაყალბდა, ის მთლიანად მიტაცებული იყო და უხეშად დაირღვა მთავარი კონსტიტუციური უფლება, რაც ხმის მიცემის ფარულობას გულისხმობს. ჩემი აზრით, ვითარება აქ ძალიან ნათელია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, რა თქმა უნდა, მსჯელობენ. ჩვენ ვნახეთ სამი ქვეყნის ლიდერების განცხადებები. რაც მთავარია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხარით ჩვენს მეგობრებს, ელჩის მეშვეობით, რომ ქართველი ხალხი ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია და ისინი არასოდეს შეეგუებიან არჩევნების უფლების წართმევას”, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომლის თქმითაც, ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენას, რომლებიც უკვე არსებობს და მალე გაიგზავნება.
“დღევანდელი შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული. ასევე, ის ჩვენგან ელოდება არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენას, რომლებიც უკვე არსებობს და მალე გავაგზავნით. ჩვენი ინტერესია საერთაშორისო შეფასების მისია, რომელიც დაადგენს, ევროპული შეფასების მეოთხე პუნქტს შეესაბამება თუ არა ის, რაც მოხდა საქართველოში არჩევნებზე”, – განაცხადა გვარამიამ.