პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
ბარიერგადალახული ოპოზიციური სპექტრის ლიდერებმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო გეგმებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, რასაც ოპოზიცია კონსოლიდირებულად გადადგამს. მათ შორის ეს შეეხება არჩევნების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნას.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით შეგროვებულია მტკიცებულებები და დასავლეთიც სრულ საქმის კურსშია, მათი მხრიდან სხვა სახის რეაგირებაც წამოვა.
„ძალიან გააქტიურდება მუშაობა განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით. ევროკავშირის ქვეყნებს სჭირდებათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს პარლამენტი რჩება აუღიარებელი. მარტო ათ ქვეყანას და ისიც რა ქვეყნებს აქვს აღიარებული ეს პარლამენტი. ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით, მათ შორის- ელჩებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. ვაგრძელებთ მუშაობას საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით.
[…] არჩევნების შემდეგ ერთი კვირა გავიდა, მტკიცებულებები შეგროვდა, საქმის კურსში არიან, წამოვა რეაქცია. იქნება მზადება სანქციებისთვის, კონკრეტული ზომების მისაღებად. საერთაშორისო გამოძიება ჩვენ იმისთვის არ გვჭირდება, რომ გაყალბება დადგინდეს. გამოძიება გვჭირდება იმისთვის, რომ სისტემა გამოვასწოროთ და ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ანა დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
მედიასთან კომენტარი გააკეთა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ და მანაც ხაზი გაუსვა ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნასა და ამისთვის მზადებას.
“ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, როგორც ლეგალურს, ანუ სასამართლოებს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, სავარაუდოდ. ასევე გამოვიყენებთ კონსტიტუციითა და კონვენციებით ნებადართულ გზას სახალხო დემოკრატიისა, რომელსაც მარტივად ჰქვია ქუჩა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ეს იცის მსოფლიოში ყველამ. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩევნების აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ, ყველას შევახსენებ, მეოთხე პუნქტი ბოლო რეკომენდაციებისა ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რამდენად იყო ეს არჩევნები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამაგრებთ. ახალი არჩევნები იქნება. ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული და რეალიზებული.
სამწუხაროა განცხადებები, რასაც ევროპელი ლიდერები აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ, მაგრამ კანონზომიერია ეს განცხადებები იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა. ამიტომ, თუ გვინდა, რომ თანხვედრაში იყოს ჩვენი ხალხის ევროპული მისწრაფებები ჩვენი სახელმწიფოს ქმედებებთან, უნდა გვყავდეს ახალი მთავრობა და არა ჩვენ შევიცვალოთ მისწრაფებები.
ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატავს ხელისუფლება. ვიდრე ასეთია ხელისუფლება, ევროკავშირი საკუთარ ოჯახში არ მიგვიღებს, ეს ძალიან ბუნებრივია, ეს არავის უნდა ეწყინოს და ვისაც ეს არ მოსწონს და ეს არ მოსწონს ჩვენი ხალხის დიდ უმრავლესობას, ხელისუფლება უნდა შეცვალოს. მოგვპარეს არჩევნები? წავართვათ უკან!”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პრეზიდენტთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია იკვლევს არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პრაქტიკებს.
„არის სხვადასხვა კონტინენტებზე სხვადასხვა ტიპის რეჟიმებში ჩატარებული საეჭვო არჩევნების გამოძიების, მონიტორინგის, გადათვლის სხვადასხვა ფორმები, ოღონდ საერთაშორისო აქტორების მიერ. ამას ვიკვლევთ ჩვენ იმისათვის, რომ გვქონდეს წარმოდგენა, რას ვთავაზობთ და რას ვითხოვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ასევე, ჩვენგანაც იყოს შეთავაზებები“, — აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია კონსოლიდირებულ ანგარიშზე მუშაობს, რასაც საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგენენ, და პრეზიდენტთან ერთად დაისახა ასევე სხვა გეგმებიც, რასაც საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს.
“ამ ტოტალური გაყალბების გამოძიება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში. პრეზიდენტსაც ეს პოზიცია აქვს და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება მისი მიმართვაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ, რადგან ის არის ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი.
პრეზიდენტს ასევე ვესაუბრეთ იმ დარღვევების ანგარიშების შესახებ, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად შეადგინა, რომლის გაგზავნასაც ასევე ვაპირებთ ევროსტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორებთან.
ჩვენ შორის არის ძალიან ინტენსიური მუშაობა, კოორდინაცია და კონსულტაცია. პრეზიდენტი ძალიან მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი და ის არ დაიშურებს ძალისხმევას იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ.
ასევე ნახეთ: