ახალი ამბები

ჯაფარიძე: ზღაპარია, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ივანიშვილზე თვალს დახუჭავენ

6 ნოემბერი, 2024 •
ჯაფარიძე: ზღაპარია, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ივანიშვილზე თვალს დახუჭავენ

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს და მის მხარდამჭერებს ტყუილად აქვთ მოლოდინი, თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილს რამეს აპატიებს და თვალს დაუხუჭავს.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე პროტესტის დროს ისაუბრა.

„საქართველოსა და ჩვენს რეგიონზე ცოტა რთული სათქმელია. ერთი, რაც მოსალოდნელია, ალბათ არის ის, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა გახდება ცოტა უფრო იზოლაციონისტური. ყოველ შემთხვევაში, ამის ტენდენციები ჩანს. მეორე მხრივ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაახლოება ჩინეთთან, ირანთან, იქ ჩასვლები, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს საჯარო წყაროებიდან, ტრამპისტ რესპუბლიკელებში მაინცდამაინც დიდი მოწონებით არ სარგებლობს. ვნახოთ, საბოლოო ჯამში, როგორც ჩამოყალიბდება და რა იქნება საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით.

ის მოლოდინები, რაც ივანიშვილმა გაუჩინა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ თითქოს ტრამპი გაიმარჯვებს და საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან შეიცვლება, მას აპატიებენ ყველაფერს, ყველაფერზე თვალს დახუჭავენ, მაგის მოლოდინი მას არ უნდა ჰქონდეს, ზღაპარია. ჯამში, რა იქნება, ვნახავთ დროთა განმავლობაში“, — ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ტრამპის გამარჯვებასთან და საქართველოზე აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების გავლენასთან დაკავშირებით მსგავსი პროგნოზი აქვს თითქმის ყველა ოპოზიციურ ლიდერს — აშშ-ის პოლიტიკა შეიძლება უფრო გამკაცრდეს ივანიშვილთან და მის ხელისუფლებასთან მიმართებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი