ახალი ამბები

„ჩემი ხმის“ ცნობით, სააპელაციოში მათი საჩივრის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო

5 ნოემბერი, 2024 •
„ჩემი ხმის“ ცნობით, სააპელაციოში მათი საჩივრის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მათი საჩივრის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს, 5 ნოემბერს, 3 საათზე იყო დანიშნული.

სადამკვირვებლო კოალიციამ („ჩემი ხმა“) 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305 მოქალაქეს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. სადამკვირვებლო მისია საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში ასაჩივრებს.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასევე განიხილება საიას და „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრები. როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, მათი საჩივრების განხილვა ჯერჯერობით არ გადადებულა.

ამასთან, დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი