ახალი ამბები

ყოფილი სახალხო დამცველი მოქმედს უხსნის, როგორ მუშაობს საარჩევნო “კარუსელი”

2 ნოემბერი, 2024 •
ყოფილი სახალხო დამცველი მოქმედს უხსნის, როგორ მუშაობს საარჩევნო “კარუსელი”

“როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ და 2 ნოემბერს, 20:00 საათზე ჩაუჯექით ამ გადაცემას”, – ასე მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოქმედ ომბუდსმენ ლევან იოსელიანს, რომელსაც არ სჯერა, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა.

ლომჯარია გულისხმობს ნოდარ მელაძის შაბათს, რომელიც ანონსის თანახმად, მთლიანად არჩევნების გაყალბების სქემას ეხება.


იოსელიანმა პალიტრას ეთერში განაცხადა, რომ „ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“.

ნინო ლომჯარია, რომელიც წარმოადგენს დამკვირვებელთა კოალიციას (“ჩემი ხმა”) და წარსულში არაერთი წელი უმუშავია არჩევნების დამკვირვებლად, იოსელიანს უხსნის, რომ 300 000 ხმის უსამართლოდ მოსამატებლად აუცილებელი არ არის 300 000 გამყალბებელი გყავდეს.

“300 000 კაცი კი არ აყალბებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად. ომბუდსმენის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში ადამიანების თავდადებაზე, ღირებულებების ერთგულებაზე და პროფესიულ სინდისზე იდგა და თქვენი თანამშრომლების შრომას მაინც ეცით პატივი. და კი, თქვენი მანდატი ფარავს საარჩევნო უფლებას (კონსტიტუციის 24-ე მუხლი), ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის დაცვა და ზედამხედველობა თქვენი მანდატია და კეთილი ინებეთ, კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულება. p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან”, – აცხადებს ლომჯარია.

ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე პროცედურის დარღვევებს ადგილი ჰქონდა, თუმცა მას არ სჯერა რომ 100 ათასს ადამიანს ჩამოართვეს პირადობა.

“2 თვეა ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“, – თქვა იოსელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი