ახალი ამბები

EPP: მოვუწოდებთ დემოკრატიულ პარტნიორებს, ჩაერთონ საქართველოში დარღვევების გამოძიებაში

1 ნოემბერი, 2024 •
EPP: მოვუწოდებთ დემოკრატიულ პარტნიორებს, ჩაერთონ საქართველოში დარღვევების გამოძიებაში

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას კვლავ ჩამოერთვა ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს მომავალი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში.

„ძალადობის, ზეწოლის, დაშინების, ხმების მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო მანიპულაციებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა დემოკრატიული ღირებულებებისგან, კანონის უზენაესობისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივისაგან, რომლისკენაც ისწრაფვის ქართველი ხალხი.

ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნას, სწრაფად გადაიჭრას მათი ლეგიტიმური შეშფოთება არჩევნების სამართლიანობისა და შედეგების შესახებ.

მოვუწოდებთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებს, ჩაერთონ იმ დარღვევების გამოძიებაში, რომლებზეც ფართოდ საუბრობს ყველა სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

ქართველი ხალხი იმსახურებს თავის ადგილს ევროპის თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის და არავინ უნდა წაართვას მას ევროპული მომავალი“, – ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია. EPP-ის პარტნიორები არიან ქართული ოპოზიციური პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ .


საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი