საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი.

მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქში, 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები არა ელექტრონულად, არამედ ძველი წესით ტარდება, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გააძევეს.

საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებები მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.

„გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციები.
საგამოძიებო უწყებებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო პროკურატურას დღეს გამოკითხვაზე ჰყავს დაბარებული საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.