პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, სამედიცინო აპარატურის შეძენის საქმეზე, ქრთამის აღების ბრალდება დაუმატა, თუმცა ახალ საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმება ფორმდება.
ამავე ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.
„2022 წლის ბოლოდან, თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნით და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება შესთავაზა, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა მოითხოვა.
მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისგან და უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან მეტი გარანტიები მოითხოვა, ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის თანახმად, მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც, თავის მხრივ, „შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა მოითხოვა და მსგავს საკითხებში შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა დაუდასტურა“, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება.
შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს. გამოძიების თანახმად, ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% — 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი – 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
გამოძიების ცნობით, სახელმწიფოს მიადგა 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და „არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი“.
პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ვასილ მხეიძეს კი სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქრთამის აღებაში დახმარებას, სასჯელის სახით კი ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა ამ ეპიზოდზე საპროცესო შეთანხმება უფორმდება.
„პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარადგენს შუამდგომლობებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც გულისხმობს მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. შუამდგომლობების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნება დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადევაში.
ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებულები არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, შესაბამისად, ახალი ბრალის ფარგლებში საპროცესოთი შეთანხმებული პირობები მის სასჯელზე დამატებით გავლენას არ იქონიებს.
