საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები „გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით“, რაც გამოძიებული უნდა იქნას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გზებით.

„მე არ ვაპირებ ამ დარღვევების სათითაოდ გავლას, მაგრამ ისინი ბევრია და ზოგიერთი მათგანი სამწუხაროა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად და არც პირიქით. ასე რომ, ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, რა იყო დარღვევების ფარგლები და როგორ იმოქმედა ამან შედეგზე“, — განაცხადა ბორელმა.

ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში და არჩევნების ვიქტორ ორბანისეული შეფასება არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.

„შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ორბანს განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდა. ჩვეულებრივ, როცა დამკვირვებლები თვლიან, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ამას ამბობენ. მათ საპირისპიროც არ უთქვამთ, მაგრამ არჩევნები არ შეუფასებიათ როგორც თავისუფალი და სამართლიანი. არის დარღვევების გრძელი სია, რომელიც საჭიროებს ანალიზს და განხილვას და ჩვენ ველით, რომ საქართველოს ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესზე, ამას გამჭვირვალედ გააკეთებენ. ველით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ იმ დარღვევებს, რომლებიც დაფიქსირდა დამკვირვებლების მიერ“, — განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, არჩევნების დარღვევებით ჩატარება აძლიერებს ბოლო თვეების ტენდენციას, როცა საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.

მისი თქმით, ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულების დადასტურების პირველი ნიშნები იქნებოდა საქართველოსვე ხელისუფლების მიერ უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება.

„რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს, ევროკავშირის ოჯახში“, — დასძინა ბორელმა.