ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რეპრესიებთან შეუთავსებელია” – გაეროს კლიმატის კონფერენცია აზერბაიჯანში

31 ოქტომბერი, 2024 •
“რეპრესიებთან შეუთავსებელია” – გაეროს კლიმატის კონფერენცია აზერბაიჯანში

ავტორი: დინი ქურბანოვი, ბაქო


“რეპრესიები და “COP29” შეუთავსებელია”: როგორ რეაგირებს საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანში გაეროს კონფერენციის ჩატარებაზე

24 ოქტომბერს, ბაქოში კლიმატის სამიტამდე “COP29” [11-22 ნოემბერი] რამდენიმე კვირით ადრე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის შესახებ. ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატებისა და “მწვანეების” ჯგუფის მიერ ინიცირებული ეს რეზოლუცია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ 2024 წლის განმავლობაში გაკეთებული მსგავსი განცხადებების ერთგვარი კულმინაცია გახდა.

რეზოლუცია და საპროტესტო ნოტა

რეზოლუციაში საუბარია აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების რეპრესიების შესახებ, რაც შეუთავსებელია “COP29-ის” ჩატარებასთან. ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის მთავრობას ყოველგვარი რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვა და ევროკავშირს მოუწოდა, ამ პირობის შესრულებამდე აზერბაიჯანული გაზის ექსპორტზე უარი თქვას.

ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ამჟამად აზერბაიჯანში სულ მცირე 303 პოლიტპატიმარია, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნის 23- წლიანი წევრობისთვისევროსაბჭოში.

მიუხედავად ყველაფრისა, აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს რეპრესიებს და მოსაზრებას, რომ ყველა ეს ადამიანი პოლიტიკური მიზეზების გამო დააკავეს. რეზოლუციის მიღების საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა ევროკავშირის ელჩს, პიტერ მიხალკოს, რომელშიც ევროპარლამენტის რეზოლუცია დაახასიათა როგორც “აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიის გაგრძელება” და “ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა”.

Baku Boulevard in Baku, Azerbaijan, July 28, 2024. © 2024 Aziz Karimov

Baku Boulevard in Baku, Azerbaijan, July 28, 2024. © 2024 Aziz Karimov

“ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეგიონში”

ერთ-ერთი პირველი, ვინც გაახმოვანა თეზისი “COP29-ის” კონფერენციის ჩატარების შეუფერებლობის შესახებ ისეთ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია, იყო საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა”. 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “COP29” ბაქოში ჩატარდებოდა, ორგანიზაციამ დაწერა:

“აზერბაიჯანს, 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, რეგიონში ყველაზე დაბალი ქულა აქვს  ქვეყანაში გავრცელებული კორუფციის, კონკურენტი პოლიტიკოსების რეპრესიებისა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის გამო”.

ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ამახვილებს ყურადღებას საგანგაშო ტენდენციაზე – გაეროს კლიმატის კონფერენცია ზედიზედ მესამედ იმართება CPI-ის დაბალი ქულის მქონე ქვეყნებში – ეგვიპტეში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ახლა უკვე აზერბაიჯანში.

მომდევნო თვეების განმავლობაში ათობით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა, ყურადღება გაემახვილებინათ აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაზე: Gulf-ის ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია, Climate Rights International, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი, Human Rights Watch, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და ა.შ.

ჩახშობილი ინიციატივა

დიდი რეზონანსი გამოიწვია უფლებადამცველის, არჩევნების მონიტორინგის ცენტრისა და დემოკრატიის კვლევის ხელმძღვანელის, ანარ მამედლის დაკავებამ, რომელიც იყო ერთ-ერთი თანადამფუძნებელი “სამართლიანი კლიმატის გარემოსი” (COP29 – Climate of Justice Initiative).

ინიციატივა 2024 წლის თებერვალში შეიქმნა სამოქალაქო თავისუფლებების, საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ხელშეწყობის მიზნით. ინიციატივის დამფუძნებლების ავტორების თქმით, მათ სურდათ, “COP-ის” წინა პერიოდში “საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ხელისუფლების ყურადღების მიქცევა, რომ ქვეყანაში პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით”.

ანარ მამადლი ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით აპრილში დააკავეს და ამ დრომდე ციხეში რჩება.

“აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაშინების კამპანია და მათი კრიტიკოსების ცინიკურად დაკავება ბაქოში “COP29” სამიტის წინ. ანარ მამადლის დაკავება არის ამ საგანგაშო კამპანიის კიდევ ერთი აშკარა მაგალითი”, – ასე გამოეხმაურა ფაქტს Amnesty International-ის სამხრეთ კავკასიის მკვლევარი ნატალია ნოზაძე.

დასავლეთიც დამნაშავეა?

ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარებას განსაკუთრებით ხშირად აკრიტიკებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი, ბუნდესტაგის წევრი სოციალ-დემოკრატებიდან ფრანკ შვაბე.

26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად თბილისში ყოფნისას, შვაბე აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერის, სამირ აშუროვის მეუღლეს შეხვდა. მის ქმარს თავდასხმის ბრალდებით ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დეპუტატი ასევე შეხვდა ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მეუღლეს, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის მოთხოვნით 2024 წლის აგვისტოში დააკავეს. აზერბაიჯანი მას მუქარასა და გამოძალვაში ადანაშაულებს და ექსტრადიციას ითხოვს. სადიგოვის ოჯახი და უფლებადამცველები მის დაკავებას ალიევის რეჟიმის კრიტიკას უკავშირებენ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება იმედოვნებდა, რომ “COP29-მდე” ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ იმიჯზე, ლიბერალური გახდებოდა დისიდენტების მიმართ, გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს, ხოლო ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური კლიმატი შერბილდებოდა.

თუმცა ზოგი პირიქით მიიჩნევს – რომ დასავლელი პოლიტიკოსებიც გარკვეულწილად “ჩართული” არიან იმაში, რაც ხდება.

“ამდენი დაპატიმრების ფონზე ქვეყანაში მაინც ჩატარდება “COP29” და დასავლეთის და ზოგადად, მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები მშვიდად ჩამოვლენ და მონაწილეობას მიიღებენ. არ იციან, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტები, აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოება არ დარჩენილა? იციან, მშვენივრად იციან. მაგრამ მათთვის მომგებიანია, რომ გარკვეულ სიტუაციებში ამაზე თვალი დახუჭონ”, – ამბობს გენდერული აქტივისტი გულნარა მეხტიევა.

იმავდროულად, აზერბაიჯანული ოპერაციული კომპანიის “COP29-ის” ხელმძღვანელმა, ნარმინ ჯარჩალოვამ განაცხადა, რომ ამჟამად ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 28 ათასზე მეტი მონაწილეა დარეგისტრირებული. თავდაპირველად, ადგილობრივმა მედიამ გამოაცხადა დაახლოებით 80 ათასი მონაწილე. რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას საბოლოოდ “COP29-ში”, ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი