ვენესუელის მმართველმა ნიკოლას მადურომ, რომელსაც აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ პრეზიდენტად გაყალბებული არჩევნების გამო, „სპუტნიკის“ ცნობით, თქვა, რომ ვაშინგტონი ისე ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, თითქოს მისი კოლონიაა.
მადურომ, რომლის რეჟიმიც რუსეთის მოკავშირეა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს, განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” “სამაგალითო გამარჯვებას” მიაღწია.
„საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-თან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. თუმცა წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება. გასულ კვირას მათ საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით, სამაგალითო გამარჯვება მოიპოვეს“, — განაცადა მადურომ.
- უნგრეთი
- აზერბაიჯანი
- სომხეთი
- თურქეთი
- ჩინეთი
საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში ივლისში გაიმართა. შედეგების გამოცხადების შემდეგ მადურო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან წნეხში მოექცა. ოფიციალური მონაცემებით, მადურომ ხმების 52% მიიღო და პოსტი მესამე ვადით გაინაღდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და სინამდვილეში მადურომ ხმების 30% მიიღო, ოპოზიციის ლიდერმა ედმუნდო გონსალესმა კი — 67%.
შეერთებულმა შტატებმა და ლათინური ამერიკის მეზობელმა ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ ვენესუელის ხელისუფლებას მონაცემები გაესაჯაროებინა.
დამოუკიდებლად მოპოვებული მტკიცებულებები, მონაცემები და ექსპერტები მიუთითებენ, რომ ავტორიტარმა მადურომ სინამდვილეში არჩევნები მართლაც მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო გონსალესთან.
ვენესუელის ქუჩები არჩევნების შემდეგ ძლიერმა პროტესტმა მოიცვა. ხელისუფლების პასუხი ამაზე მკაცრი რეპრესიები იყო. დაახლოებით 2400 ადამიანია დაკავებული, ბევრმა ქვეყანა დატოვა, ბევრიც მალვაშია.
Human Rights Watch-ის თქმით, სულ მცირე, 11 ადამიანია მოკლული მასობრივი პროტესტის მიმდინარეობისას. არასამთავრობოები კი 24 ადამიანის მკვლელობაზე საუბრობენ.
მადურომ ორი ახალი ციხის გახსნის შესახებ ბრძანება გასცა და ღია მოწოდებები აკეთა ქუჩებში პროტესტის მონაწილეების დაპატიმრების შესახებ.
