ახალი ამბები

რომელმა ქვეყნებმა მიულოცეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება

29 ოქტომბერი, 2024 •
რომელმა ქვეყნებმა მიულოცეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამ დროისთვის მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ მიულოცა, აქედან სამი მეზობელია:

  • უნგრეთი
  • აზერბაიჯანი
  • სომხეთი
  • თურქეთი
  • ჩინეთი

ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ იანმა დღეს პეკინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა.

„ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველოში სტაბილურობა და კეთილდღეობა იქნება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად“, — განაცხადა ლინმა.

საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს მეზობელი თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა.

ჯერ კიდევ კენჭისყრის შედეგების დათვლამდე მიულოცა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მილოცვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი.

„გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას. ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა“, — აღნიშნავს ალი ასადოვი.

აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ.

რუსეთი და ვენესუელა, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ზეწოლას ახდენს საქართველოზე.

„აშშ საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა, თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა განაცხადა. დემოკრატია, სერ, მოვედით. შემდეგი სადგური — ნეოკოლონიალიზმი“, — დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ „ტელეგრამზე“.

ნიკოლას მადურომ, რომელსაც აშშ და ევროკავშირი არ აღიარებს 29 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, „სპუტნიკის“ ცნობით, თქვა, რომ აშშ ისე ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, თითქოს მისი კოლონიაა.

„საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-თან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. თუმცა წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება. გასულ კვირას მათ საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით, სამაგალითო გამარჯვება მოიპოვეს“, — განაცადა მადურომ, რომლის ქვეყანაც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% მიიღო. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი