პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხსნის, რატომ წააგო “ქართულმა ოცნებამ” საზღვარგარეთ გახსნილ თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. ის ამტკიცებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი იმასთან დაკავშირებით, თუ “როგორ ვითარდება ეს ქვეყანა”.
“ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი. თქვენ იცით, რომ არის ნიაღვარი დეზინფორმაციის, პროპაგანდის. შენ, საბოლოო ჯამში, საკუთარი თვალით თუ ვერ ხედავ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ. საქართველოშიც ძალიან ძლიერია პროპაგანდა. არის ნიაღვარი უხეში პროპაგანდის. არის ე.წ. ბულინგი და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავისი თვალით ხედავენ იმას, როგორ ვითარდება ეს ქვეყანა. ამიტომ, ამ პროპაგანდას აქვს ბევრად ნაკლები გავლენა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ სხვა იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, ძალიან მარტივად აიხსნება ეს განსხვავება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ ქვეყანა ვითარდება, რატომ მიდიამ ადამიანები ემიგრაციაში. კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დაეწია ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეს. ადამიანებს უნდათ უკეთესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ცხოვრება, რის გამოც მიდიან ემიგრაციაში. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ მომავალ 4 წელში სხვაობას საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეს შორის შეამცირებს.
“ემიგრაციას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი. თუ არის სხვაობა ეკონომიკებს შორის, არის ბუნებრივი ტენდენცია, რომ ადამიანი ერთი ადგილიდან გადავიდეს მეორე ადგილზე. იგივე ხდება ქვეყნის შიგნითაც. მაგალითად, ხშირად ხდება, რომ რეგიონებიდან ადამიანები საცხოვრებლად გადმოდიან თბილისში. თბილისის ეკონომიკა არის 2-ჯერ მეტ, ვიდრე, კონკრეტული რეგიონის. იგივე მოხდა, როცა გერმანია გაერთიანდა – ლამის მთელი აღმოსავლეთ გერმანია გადავიდა დასავლეთ გერმანიაში. იმიტომ, რომ ეკონომიკებს შორის იყო განსხვავება.
მართალია, გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ევროპის ქვეყნებთან. მით უმეტეს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და ეს განაპირობებს მიგრაციას. მარტივი ლოგიკაა. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვაობა თანდათან მცირდება”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
ჟურნალისტებმა მას, ასევე, ჰკითხეს როგორ ხსნის იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში, მაღალი მაჩვენებელი კი რეგიონებში მიიღო. კობახიძე ამბობს, რომ ეს მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და აქამდეც იცოდნენ, რომ კონკრეტულ რეგიონებში უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე, მაგალითად, თბილისში. თუმცა, მას არ აუხსნია ამის გამომწვევი მიზეზები.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ.
