საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია; GYLA] 15 საათისთვის მათი საარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მოსაზრებით, „საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“.

მათი დამკვირვებლების ცნობით, ადგილი ჰქონდა:

  • ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევას;
  • დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლას;
  • აგიტაციას;
  • უბნების შიგნით და პერიმეტრზე ამომრჩეველთა აღრიცხვას.

უფრო კონკრეტულად, საია საუბრობს სხვადასხვა დარღვევებზე ქვეყნის მასშტაბით:

  • ბათუმის 34-ე უბნის პერიმეტრზე შეინიშნება მიკროავტობუსით მარკირებული პირების მოყვანის ფაქტი;
  • ქუთაისის 43-ე უბანზე ამომრჩეველს სრულყოფილად არ უხსნიან ბიულეტენის შევსების წესს;
  • საჩხერის მე-5 უბანზე ამომრჩეველს არ მიეცა არასწორად გაფერადებული ბიულეტენის გამოცვლის შესაძლებლობა;
  • თელავის ოლქის 29-ე საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთს, წილისყრით განაწილებული პირების ნაცვლად, არაუფლებამოსილი პირები გაჰყვნენ;
  • საბურთალოს ოლქის 73-ე უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში, რის შემდეგაც კომისიამ ის გააბათილა;
  • გლდანის ოლქის 63-ე უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ ერთით ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა გამოუყენებელ ბიულეტენებში;
  • ბაღდათის ოლქის 23-ე უბანზე შეიჭრა უცნობი პირი, რომელმაც დააზიანა ძირითადი საარჩევნო ყუთები და ხმის მთვლელი აპარატები;
  • მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, ძალადობრივად ჩაყარეს ბიულეტენები საარჩევნო ყუთში;
  • მარნეულის 74-ე, ახმეტის – მატნის მე-11 და გორის 22-ე, ისნის მე-9, ყიზილაჯლოს 74-ე საარჩევნო უბნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევები;
  • გორის 84-ე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მცდელობა და მუქარა ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე;
  • გარდაბნის 33-ე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები.