ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო კომისიას მოუწოდებს, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება 69-ე უბანთან დაკავშირებით.
უბანი ამ დროისთვის დახურულია. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩაყარა ერთ-ერთმა პირმა საარჩევნო ყუთში ბევრი ბიულეტენი.
“ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს – ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში – იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით მიმართებაში 24 საათის განმავლობაში.
მე მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სიმართლეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის დღის მთლიანობას და, რა თქმა უნდა, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს ჩვენთან მიმართებაში”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. კალანდარიშვილი შსს-ს უწყებას მოუწოდებს, დროულად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, “რათა საზოგადოებას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით”.
მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქში, 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები არა ელექტრონულად, არამედ ძველი წესით ტარდება, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გააძევეს.
სავარაუდოა, რომ საოლქო კომისია უბნის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს.