აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აპირებს უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს შეთანხმებას “რუსეთის იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზეთის ტერიტორიაზე”.
“ჩვენ ვცვლით კანონმდებლობას, რომ ის იყოს მომგებიანი ინვესტორებისთვის, ვქმნით საკმაოდ კარგ პირობებს, ჩემი აზრით. უახლოეს მომავალში ვაპირებ ხელი მოვაწერო მთავრობათაშორის ხელშეკრულებას რუსეთის იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსული იურიდიული პირებისთვის ეს არ არის მხოლოდ სარგებელი, არამედ მნიშვნელოვანი პრეფერენციებია, ეს უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი”, – ამბობს ბჟანია.
აფხაზური ტელეგრამ არხის, RESPUBLICA-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები პრესკონფერენციაზე რუსეთთან საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმების მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომლის განსახილველადაც დეპუტატები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ემზადებიან.
“უპირველეს ყოვლისა, ეს შეთანხმება გამიზნულია უცხოელი ოლიგარქებისთვის საგადასახადო გათავისუფლებაზე 25 წლამდე ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები იწყება ისეთ ინვესტიციებზე, რომლებიც 2 მილიარდი რუბლიდან ან ზევითაა. რისთვის გვჭირდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბიუჯეტს არც ერთ კაპიკს შემატებენ?” – განაცხადა ადგურ არძინბამ პრესკონფერენციაზე.
