ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საზღვრის დელიმიტაციის კომისიის რეგლამენტის განხილვას

23 ოქტომბერი, 2024 •
სომხეთის ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საზღვრის დელიმიტაციის კომისიის რეგლამენტის განხილვას

სომხური ოპოზიცია საზღვრის დელიმიტაციის კომისიის დებულების პროექტს შეეწინააღმდეგა და მოსმენებს ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, კონსტიტუციასა და სომხეთის ეროვნულ ინტერესებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია რეგლამენტის რატიფიცირებით ცდილობს ახალი ტერიტორიების დათმობების გამართლებას. ამის შესახებ, ნათქვამია “აიასტანის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის რატიფიცირება საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. მათივე თქმით, კომისიის ფუნქცია ქვეყნის კონსტიტუციაში არ არის გაწერილი და ის ჩამოყალიბდა, როგორც პრემიერ-მინისტრის საკონსულტაციო ორგანო.

“ანტიკონსტიტუციური ორგანო, მისი ხელმძღვანელი და კომისიის დამხმარე თანამდებობის პირები რეფერენდუმის გვერდის ავლით ახორციელებენ ტერიტორიულ ცვლილებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის პოლიტიკა განპირობებულია ომის საფრთხით.

“მმართველი ძალა და საკონსტიტუციო სასამართლო უგულებელყოფს ომის საფრთხის ფაქტებს, რომლებიც განპირობებულია ბაქოს ციხეებში სომეხი პატიმრების ყოფნით. ეს ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციის მე-13 მუხლს, ასევე, 52-53-ე მუხლების დებულებებს. ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების უფლების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ძალის საფრთხის ქვეშ დადებულ შეთანხმებებს არ აქვს იურიდიული ძალა”, – ხაზგასმით აღნიშნეს განცხადების ავტორებმა.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ რეგულაციები ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. თუმცა ხელშეკრულების დებულებები, მათი თქმით, არ გამოქვეყნებულა და უცნობია, როდის გამოქვეყნდება.

“რეგლამენტში ასევე ნათქვამია, რომ დელიმიტაცია შესაძლოა განხორციელდეს ისეთი პრინციპით, რომელიც არ არის ცნობილი არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და არც პარლამენტისთვის”, – აღნიშნავენ განცხადების ავტორებმა.

რეგლამენტის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქციამ “პატივი მაქვს”. მისი წარმომადგენლების თქმით, დოკუმენტის რატიფიცირებით მმართველი ძალა ცდილობს გაამართლოს შემდგომი დათმობები.

“რეგლამენტის მსგავსი დოკუმენტები პარლამენტში რატიფიცირებას არ ითვალისწინებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მომავალში ახალი ტერიტორიული დათმობების გასამართლებლად”, – განაცხადა ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელმა აიკ მამიჯანიანმა დღის წესრიგის განხილვისას პარლამენტის სხდომაზე.

ოპოზიციური ფრაქცია “სომხეთის” დეპუტატმა არმენ რუსტამიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ “ეს პროექტი არის სრულიად არაკონსტიტუციური, უკანონო და არანაირად არ უკავშირდება [სომხეთის] ეროვნულ ინტერესებსა და მათ დაცვას”.

“21 ოქტომბერს გაიმართა საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს ეს პროექტი და ჩვენი აზრი, რომ ეს დებულებები არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს და უკანონოა, კიდევ უფრო განმტკიცდა, რადგან კითხვაზე ერთი პასუხიც არ იყო გაცემული”, – განაცხადა რუსტამიანმა.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი პროცესი აზერბაიჯანში სინქრონულად არ მიმდინარეობს და აზერბაიჯანულმა მხარემ შესაძლოა პროექტი მოგვიანებით მიიღოს სომხეთისთვის მიუღებელი დებულებებით


18 ოქტომბერს სტამბოლში, რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის “3+3” ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

“მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოლაპარაკებები მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებაზე, ასევე, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დაუთმონ მისი (შეთანხმების) სწრაფად დასრულებასა და ხელმოწერას”, – ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  რომ მიღწეულია შეთანხმება სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დაჩქარების მიზნით.

“მხარეებმა განაგრძეს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების თაობაზე და შეთანხმდნენ, რომ დამატებითი ძალისხმევა გამოიყენონ მის მოკლე დროში დასასრულებლად”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი