ახალი ამბები

ივანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა აქვს ჩანიშნული – არჩევნების შემდეგ

21 ოქტომბერი, 2024 •
ივანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა აქვს ჩანიშნული – არჩევნების შემდეგ

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას საქართველოში აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან, არჩევნების შემდეგ შეხვედრა აქვს ჩანიშნული.

აქამდე, აშშ-ის წარმომადგენლები, მათ შორის სენატორები, ამბობდნენ, რომ ივანიშვილი მათთან შეხვედრაზე უარს ამბობდა.

„იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა ეს უარები იმით ახსნა, რომ მისთვის უხერხული იყო აშშ-ის წარმომადგენლებთან საუბარი მაშინ, ვინაიდან გამოჩნდებოდა, რომ ამას აკეთებს მისი კუთვნილი, „ხელოვნურად დაბლოკილი ფულის გამო“.

„მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. მე განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი“, – ხსნის ივანიშვილი.

ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვედრა სთხოვა რობინ დანიგანს და ის უკვე ჩანიშნულია. ივანიშვილის თქმითვე, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან სინგაპურის სააპელაციო სასამართლოში „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ გაიმარჯვა და აქამდე არსებული პრობლემები „თავისით მოგვარდა“.

ივანიშვილის დავები „კრედიტ სუისთან“ – სინგაპურის სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე

ივანიშვილი v. „კრედიტ სუისი“ – ნაწილი I

დავა ბიძინა ივანიშვილისა და ბანკს შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

ეს დავები ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკი აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ბერმუდის კუნძულებზე ექვსწლიანი დავა 2022 წელს დასრულდა. „ფაინენშლ თაიმზის“ ინფორმაციით, სასამართლომ ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ივანიშვილი v. „კრედიტ სუისი“ – ნაწილი II

ივანიშვილის წარმომადგენლებმა ბანკთან კიდევ ერთი დავის დაწყების შესახებ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადეს.

ამჯერად საქმე ეხებოდა ივანიშვილის მიერ ბანკის მიერ შექმნილი „ტრასტებისთვის“ [სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც მესამე მხარეს პირის/ორგანიზაციის აქტივები აქვს მინდობილი და მათი მართვა/ინვესტირება შეუძლია] მინდობილ თანხას:

 „ბანკის მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ ტრასტში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა“.

თავად ბანკში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდნენ, ხოლო ივანიშვილის წარმომადგენლები – იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ და „სი-ეს ვიქტიმზი“ („კრედიტ სუისის დაზარალებულობები“) – აქტიურად აკეთებდნენ განცხადებებს, რომლებშიც მათ შორის ივანიშვილისთვის თანხის გაუცემლობას პოლიტიკური ზეწოლით ხსნიდნენ. ამის შესახებ თავის განცხადებაში მიანიშნა პირადად მილიარდერმაც.

ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის გაუცემლობას ხსნიდა ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარებით“, შემდეგ კი- ევროპარლამენტის რეზოლუციით, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ.

პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი