მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 20 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა „პოინტი“.
ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ, ოფიციალური შედეგებით:
- ევროკავშირში გაწევრიანების კურსის მხარდამჭერებმა ძალიან მცირე განსხვავებით გაიმარჯვეს – 50,46%-მა ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა, 49,54%-მა – არა.
გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, პირველივე ტურში გამარჯვება ვერ მოახერხა.
სანდუმ ხმათა 42,45% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა – 25,98%. მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება.
სანდუს გამარჯვება უკვე მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„შენ ეს ისევ შეძელი! რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ევროპული მომავალი უნდა!“, — ნათქვამია მაია სანდუსა და მოლდოველი ხალხისადმი ევროკომისიის პრეზიდენტის მილოცვაში.
მაია სანდუს თქმით, არსებობს „მკაფიო მტკიცებულება“, რომ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ მოლდოვის „ეროვნული ინტერესებისადმი მტრულად განწყობილ უცხო ძალებთან“, ცდილობდნენ 300 000 ხმის ყიდვას.
კიშინიოვის თანახმად, აეროპორტში მოსკოვიდან ნაღდი ფულის შემოტანის არაერთი საეჭვო მცდელობა დაფიქსირდა — მხოლოდ ერთ დღეში 1,5 მილიონი დოლარი ამოიღეს, რომლის დაბრუნება არავის უთხოვია.
კრემლმა მოლდოვას მოუწოდა ქვეყნის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენისკენ, თავად არჩევნების შედეგები კი ეჭვქვეშ დააყენა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მოლდოვაში არჩევნები ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რაც დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.
