ევროკავშირის შეფასებით, მოლდოვაში არჩევნები ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რაც დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.
როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ხმების ყიდვის მცდელობები და „უზარმაზარი პროპაგანდა“ კენჭისყრის დღემდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
სტანომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს აქვს სამოქალაქო პარტნიორობის მისია მოლდოვაში, რომელიც უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის ამაღლებაში ეხმარება. კითხვაზე, ევროკავშირის ძალისხმევის მიუხედავად, რატომ არის რუსული პროპაგანდა წარმატებული, სტანო პასუხობს, რომ ევროკავშირი იცავს გარკვეულ პრინციპებს და კანონებს, როცა რუსეთის არ აქვს წითელი ხაზები.
ევროკომისიის პრესსპიკერს ჰკითხეს, საქართველოსაც ეხმარება თუ არა ევროკავშირი დეზინფორმაციასთან და ჩარევებთან ბრძოლაში. სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოში განსხვავებული ვითარებაა, რადგან იქ დეზინფორმაცია უშუალოდ მთავრობისგან მოდის.
„ჩვენი მხარდაჭერა მრავალმხრივი იყო და ბევრ საკითხზე საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში, განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობაში ბოლო დრომდე. მაგრამ ახლა საქართველოში რაც ხდება, ძალიან განსხვავდება [მოლდოვისგან]. იქ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენს ურთიერთობას ოდნავ განსხვავებული პირობები ჰქონდა. არ არსებობს ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც საქართველოს ეხმარება ჩარევის წინააღმდეგ გამძლეობის გასაზრდელად და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია მოდის მმართველი ხელისუფლების მხრიდან“, — განაცხადა სტანომ.
მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან სრულფასოვანი თანამშრომლობის განახლება, თუ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი.
ევროკავშირის პარტნიორობის მისია (EUPM) მოლდოვაში შეიქმნა 2023 წლის 24 აპრილს, მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნით, რათა წვლილი შეიტანოს ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მედეგობის ამაღლებაში და გააძლიეროს მოლდოვის კრიზისების მართვის სტრუქტურები, მათ შორის კიბერუსაფრთხოება, და წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას.
EUPM-ის ბიუჯეტი 2 წლის განმავლობაში 13.4 მილიონ ევროს შეადგენს.