ახალი ამბები

მაია სანდუ: უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად გავიმარჯვეთ

21 ოქტომბერი, 2024 •
მაია სანდუ: უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად გავიმარჯვეთ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ რეფერენდუმში ევროპულმა არჩევანმა გაიმარჯვა.

„მოლდოვის ხალხმა არჩევანი გააკეთა: ჩვენი ევროპული მომავალი ახლა კონსტიტუციით იქნება გამაგრებული. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფალი მომავლის ასაშენებლად“, — წერს სანდუ X-ზე.

მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვაზე რეფერენდუმი ჩატარდა.

ხმათა 99,82%-ის დათვლის შედეგად, 50.42% მხარს უჭერს კონსტიტუციის ცვლილებას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით, 49.58%-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ დიდი უპირატესობით (42.41%) ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ხმათა 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა დააგროვა და მეორე ტური ჩატარდება.

სანდუს გამარჯვება უკვე მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„შენ ეს ისევ შეძელი! რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელია, ძლიერია და ევროპული მომავალი უნდა!“, — ნათქვამია მაია სანდუსა და მოლდოველი ხალხისადმი ევროკომისიის პრეზიდენტის მილოცვაში.

მაია სანდუს თქმით, არსებობს „მკაფიო მტკიცებულება“, რომ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ მოლდოვის „ეროვნული ინტერესებისადმი მტრულად განწყობილ უცხო ძალებთან“, ცდილობდნენ 300 000 ხმის ყიდვას.
კიშინიოვის თანახმად, აეროპორტში მოსკოვიდან ნაღდი ფულის შემოტანის არაერთი საეჭვო მცდელობა დაფიქსირდა — მხოლოდ ერთ დღეში 1,5 მილიონი დოლარი ამოიღეს, რომლის დაბრუნება არავის უთხოვია.

კრემლმა მოლდოვას მოუწოდა ქვეყნის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენისკენ, თავად არჩევნების შედეგები კი ეჭვქვეშ დააყენა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მოლდოვაში არჩევნები ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რაც დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი