ახალი ამბები

ენმ-ის საჩივრის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ “რუსთავი 2”-ს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

20 ოქტომბერი, 2024 •
ენმ-ის საჩივრის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ “რუსთავი 2”-ს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. დარღვევა კომისიამ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საჩივრის საფუძველზე დაადგინა, რომელიც აცხადებს, რომ მათი საარჩევნო რეკლამა არხს 10 ოქტომბრის შემდეგ ეთერში აღარ განუთავსებია.

“10 ოქტომბერს “ტელეიმედმა” და “პოსტვ”-იმ გაავრცელეს საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ რეკლამებს აღარ განათავსებდნენ. საჩივრის ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია „რუსთავი 2“-ს, სწორედ იმავე პერიოდიდან, მათ ეთერში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ვიდეორგოლი აღარ გადის.

საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო 50 დღის განმავლობაში, ყოველ 3 საათში გამოყოს 7.5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ამასთან, თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს”, – ასე ასაბუთებს გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია.

10 ოქტომბერს პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა, “იმედმა” და “POSTV”-მ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებაზე. ამის მიზეზად ის ასახელებს სხვა ტელევიზიების – “მთავარი არხის”, “TV პირველისა” და “ფორმულას”-  გადაწყვეტილებას, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინის ომზე მმართველი პარტიის პროპაგანდისტული რეკლამის გაშვებაზე.

საუბარია მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლსა და სააგიტაციო ბანერებზე, რომლებშიც უკრაინაში მიმდინარე ომის საარჩევნოდ მხარდაჭერის მოპოვების ინსტრუმენტადაა გამოყენებული. “მთავარი არხი”, “TV პირველი” და “ფორმულა” აღნიშნული ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე უარის გამო დაჯარიმდნენ.

სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომუნიკაციების კომისიის მიერ პროსახელისუფლებო ტელევიზიებისთვის სამართალდარღვევის დადგენა “არის მცდელობა, შეიქმნას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ობიექტურობის ილუზია, რაც ვერ შეცვლის მის მიერ ამ დრომდე მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებით საარჩევნო გარემოსთვის მიყენებულ ზიანს”

მასალების გადაბეჭდვის წესი