მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარალელურად, მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტონ ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ მოლდოვის საგარეო პოლიტიკის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.

გამოკითხვებით ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ. პრო-ევროპელი ლიდერი, რომლის პირობებშიც, ქვეყანამ ჯერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, შემდეგ კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს მან მოქალაქეებს მოუწოდა, არჩევნებზე დაადასტურონ, რომ მოლდოვის ადგილი ევროპულ ოჯახშია.

“კვირას, მოლდოველები შეიკრიბებიან ერთად და ამაყად, რათა დაადასტურონ მოლდოვის ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში”, – დაწერა სანდუმ სოციალურ ქსელში.

სანდუს გარდა არჩევნებში 10 საპრეზიდენტო კანდიდატია. მათგან რამდენიმე ღიად პრორუსული განწყობებით გამოირჩევა და მჭიდრო კავშირი აქვს კრემლთან. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში, ან რეფერენდუმში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღონ.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, 3 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იძიებენ ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემას, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ფინანსდება. გარდა მოსყიდვისა, საუბარია ჯგუფების გადამზადებაზე, რომლებსაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა ევალებათ. ოფიციალურმა მოსკოვმა მოლდოვის ხელისუფლების ბრალდებები უარყო.

ფოტო: DUMITRU DORU / EPA