თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

სამედიცინო ცენტრი დიღომში, ლუბლიანის ქუჩა N70-ში განთავსდა. 11-სართულიანი შენობა 83 საწოლზეა გათვლილი და  352 თანამშრომელია დასაქმებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკით. სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც. ახალ შენობაში კლინიკას გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც დაემატა.

კლინიკას სახელწოდება 2024 წელს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ შეეცვალა და მას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სახელი მიენიჭა.


სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ინფექციური საავადმყოფო მანამდე ყაზბეგის გამზირზე, „ავერსის“ კუთვნილ შენობაში მდებარეობდა. ცენტრის აწ გარდაცვლილი დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წლების განმავლობაში საუბრობდა ცენტრის შენობის განახლების საჭიროებაზე, თუმცა ქირის გადაუხდელობის მიზეზით „ავერსი“ რემონტის ჩატარების საშუალებას არ აძლევდა.  მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის გადასაჭრელად არასაკმარისი ძალისხმევისთვის აკრიტიკებდა.

ინფექციური საავადმყოფოს შენობის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს. სახელმწიფომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა ლუბლიანის ქუჩაზე 2020 წელს იყიდა, რემონტს და შენობის გახსნას 4 წელი მოანდომა.