„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, სტუდენტური მოძრაობის “თავისუფლებისთვის” ლიდერს, ნიკო მანაგაძეს და მის ადვოკატს ეზღუდებათ და უჭიანურდებათ 7 ივნისს მანაგაძეზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალებზე წვდომა.
„შემთხვევიდან ოთხ თვეზე მეტის გასვლის შემდეგაც საბაზისო ინფორმაცია გამოძიების შედეგების თაობაზე დაზარალებულისთვის ხელმიუწვდომელია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაზარალებულს აძლევს უფლებას, მიიღოს საქმის მასალები. ამ დრომდე დაზარალებულს და მის ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ, 23 ივლისს მოგვეცა, თუმცა, არა ასლების გადმოცემის, არამედ საგამოძიებო უწყებაში გაცნობის გზით.
2024 წლის 9 სექტემბერს ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას კვლავ მივმართეთ საქმის გაცნობის და ასლების გადმოცემის მოთხოვნით. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურა საქმის მასალების გაცნობაზე ფორმალურად უარს არ გვეუბნება, თუმცა პრაქტიკაში სხვადასხვა საფუძვლით კვლავ ჭიანურდება დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობის საკითხი. საქმის მასალებზე წვდომის თვითნებურად შეზღუდვა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს ჩატარებული საჭირო საპროცესო-სამართლებრივი ღონისძიებები დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის“, — ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, თავდამსხმელების მიმართ დევნა არ დაწყებულა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს პროკურატურასა და შსს-ს, რომ მიეცეთ მასალებზე წვდომა, გამოძიება იყოს ყოველმხრივი, სრული, ობიექტური და დაცული იყოს დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკო მანაგაძემ ამავე უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად, აქციების გამართვა რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირების შემდეგ დაიწყო. იგი პრემიერ-მინისტრს, რომელიც ლექციებს კონსტიტუციური სამართლის შესახებ ატარებდა, მოუწოდებდა, მათთვის განემარტა, რატომ იღებდა მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციურ კანონს.
ამის შემდეგ ნიკო მანაგაძეს არაერთხელ დაესხნენ თავს. 7 ივნისს, ლექციის დასრულების შემდეგ, ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როცა უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდამ თავში მძიმე საგანი ჩაარტყა. თვითმხილველებმა გადაიღეს კადრები, სადაც თავდამსხმელები ჩანან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისინი არ დაუკავებია.
მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ 20 აპრილსაც. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა უნივერსიტეტიდან გამოსულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მან “რუსეთის მონა” დაუძახა. ნიკო მანაგაძის თქმით, კობახიძე უყურებდა, როგორ სცემდა მას უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ჯგუფი.
გარდა ფიზიკური თავდასხმებისა, ნიკო მანაგაძე აღნიშნავდა, რომ მუქარით უკავშირდებოდნენ მისი ოჯახის წევრებს. მათ შორის, 14 წლის დას.
2024 წლის აგვისტოს მიწურულს Human Rights Watch წერდა საქართველოში აქტივისტებზე თავდასხმების გამოძიების არაეფექტიანობაზე , მათ შორის, ნიკო მანაგაძის შემთხვევაზე.
“თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო სივრცეებში, თვითმხილველებისა და სათვალთვალო კამერების არეალში. უმრავლეს შემთხვევაში, პოლიციამ ფორმალურად დაიწყო გამოძიება, თუმცა არ დაუდგენიათ არცერთი თავდამსხმელის ვინაობა და არ დაუკავებიათ არავინ. არსებობს ნიშნები, რომ ისინი არ დგამენ გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად”, – წერდა HRW.
ფოტო: ნიკო მანაგაძე და სავარაუდოდ, მასზე თავდამსხმელები








