საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეკონომიკას ძალიან წაადგება, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა.

ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა X-ზე დაწერა.

„გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ბიზნესფორუმზე მე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო რამ იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგრამ საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება — უნდა ევროკავშირის წევრობა თუ არა. ასევე ვისაუბრე ეკონომიკურ რისკებზე, რასაც არსებული სიტუაცია ქმნის: ფორექსი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი დაფინანსება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია“, — წერს გერმანიის ელჩი.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ბიზნესფორუმზე, სადაც მონაწილეობდა ელჩი პეტერ ფიშერი, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი რისკები 10 ოქტომბერს განიხილეს. ფორუმის თემა იყო “საქართველო გარდამტეხ ეტაპზე?“

„ერთ-ერთი მონაწილის შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიხატება ციფრებში საქართველოს მოგება ევროპული კურსის შედეგად, ელჩმა უპასუხა შემდეგი: „ვფიქრობ, ამის გამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მომავალი ევროპის კავშირში, რაც უაღრესად ძვირფასია. თუმცა ასევე შეიძლება, რომ ეს მომავალი დაკარგოთ“, — ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.